18 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
20 ივნისის ღამეს გამოყენებული რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის რაოდენობა - შსს ინფორმაციას მალავს

 „გავრილოვის ღამეს“ დახარჯული ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების რაოდენობა - შსს მონაცემებს საგულდაგულოდ მალავს. გახარიას უწყებას მონაცემების გადაცემის მიზნით  საინფორმაციო სააგენტო On.ge -მ მიმართა, თუმცა შსს მედიასაშუალებას უკვე 40 დღეა მონაცემებს არ აწვდის.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით On.ge-სა და სამართალდამცავ უწყებას შორის დავა უკვე სასამართლოში გაგრძელდება.

„საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ისე გავიდა შვებულებაში, რომ ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ. გვეუბნება, რომ ისიც ელოდება საჯარო ინფორმაციას, რომ მერე ჩვენ გადმოგვიგზავნოს, თუმცა ყველანაირი ვადა, რომელიც გათვალისწინებულია კანონით არის აბსოლუტურად დარღვეული. გვაინტერესებდა რა მოცულობის გაზი დაიხარჯა და რამდენი ტყვია დაიხარჯა იქიდან გამომდინარე, რომ მუდმივად, ამ აქციის დაშლიდან დღემდე არ გამქრალა კითხვები. ჩენ ვაპირებთ ამ მიმართულებით დავას და ბოლომდე მივყვებით იმისთვის, რომ მივიღოთ ეს ინფორმაცია,“- განაცხადა On.ge-ის რედაქტორმა, გელა ბოჩიკაშვილმა.

პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ სამინისტროს სიმართლის გასაჯაროვების ეშინია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი ბარამიძეს შსს-ს მიმართ „გავრილოვის“ ღამეს გამოყენებულ სპეცტექნიკასთან დაკავშირებით სხვა კითხვებიც აქვს.  

„ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა იცოდეს სიმართლე, მაგრამ ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეების დამალვას ახდენს ხელისუფლება. უპირველეს ყოვლისა, იმას, თუ რა ტიპის იარაღი იქნა გამოყენებული და რატომ გამოიყენეს მაგალითად, დათვისთვის განკუთვნილი ტყვიები და სხვა აკრძალული მეთოდები,“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია დარწმუნებულია, რომ ეს ფაქტი ლოგიკური გაგრძელებაა იმის, რომ ხელისუფლება 20 ივნისის სისხლიან ღამეზე გამოძიების ჩატარებას არ აპირებს. ხოშტარია ამბობს, რომ გახარიას უწყება პასუხისმგებლობას გაურბის.

„ის, რომ დღეს საზოგადოებას, On.ge-ის ამ შემთხვევაში, არ აძლევენ ინფორმაციას, არის გაგრძელება იმ ხაზის, რომ ისინი საერთოდ არ აპირებენ არა თუ გამჭვირვალე გამოძიებას, რაიმე სახის გამოძიება ჩაატარონ. ცხადია, ისინი ამას მალავენ, იმიტომ, რომ მათი ამოცანაა, რომ გაექცნენ პასუხისმგებლობას და ეს პასუხისმგებლობა არის ძალიან მძიმე, იმიტომ, რომ კონკრეტული ადამიანები არიან დასახიჩრებული და ჩვენ ვნახეთ რა ტიპის ტყვიებია, როგორ ესროდნენ და ა.შ. ამიტომ ისინი ამ შემთხვევაში უბრალოდ დანაშაულს აფარებენ ხელს,“- განაცხადა ხოშტარიამ.

დღის ამბები