27 წელი აფხაზეთის ომიდან - გმირთა მოედანზე დილიდან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან. ისინი ომში დაღუპული გმირების მემორიალს გვირგვინებით ამკობენ.
შავოსანმა დედებმა მძიმე ეკონომიკური პრობლემების გამო ხელისუფლების მისამართით ერთგვარი წუხილიც გამოთქვეს.
„ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ამ ოჯახებს ისე მივხედავ და ყველა დევნილს ისე მივხედავ, რომ ღირსეულად იგრძნონ თავი, რომ ღირსეულად იცხოვრონ დაბრუნებამდეო, აი, ეს ღირსეული ცხოვრება ივანიშვილის ჩინოვნიკებმა მოუსპეს ჩვენს დევნილებს, იმიტომ, რომ ყველა გამდიდრებაზე ფიქრობს და ამის კონტროლი არ არის,“- განაცხადა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის დედამ, აფხაზეთის მთავრობის თანამშრომელმა, მანანა გაბელიამ.
ცოტა ხნის წინ გმირთა მოედანზე თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორიაც მივიდა.
„ეს იყო რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად გამოწვეული კონფლიქტი, რომელსაც ათი ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. ქედს ვიხრი მეომრების წინაშე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის თავი გაწირეს და დღეს შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს, ეს არის ჩვენი პოლიტიკის ურყევი პრინციპი. საბოლოო მიზნის მიღწევამდე გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი დასაცავად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად,“- განაცხადა მინისტრმა.
გარდაცვლილი გმირების ხსოვნისთის პატივის მისაგებად ადგილზე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, რუსლან აბაშიძემ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ინიციატივაზეც ისაუბრა.
„ეს იყო გარკვეულწილად, უპასუხისმგებლო პოლიტიკის გატარების შედეგი, ყველას მხრიდან ამ შემთხვევაში და მე არ მინდა ავერიდო პასუხისმგებლობას, ყველას ეკუთვნი თავისი წილი აი, ამ პროცესებში და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ თავი ავარიდოთ პროცესების ამგვარი მიმართულებით განვითარებას. საზოგადოებას, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ მოუწიოს იმ უმძიმესი საფასურის გადახდას, რომელსაც ისინი იხდიან. ოკუპაციის პირობებში ის ინიციატივები, რომლებიც გააჩნია სახელმწიფოს მშვიდობიანი მოგვარების თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ არ გაჩერდეს სახელმწიფო თავისი ინიციატივების დანერგვით. ეს ინიციატივა გულისხმობს მრავალფეროვან და მრავალმხრივ მიმართულებებს, რომელიც ითვალისწინებს როგორც ჰუმანიტარულ საკითხებს, ურთიერთობების დამყარებას შერიგების თვალსაზრისით, სადაც არის გათვალისწინებული ჩართულობა მთელი საზოგადოების,“- განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, რუსლან აბაშიძემ.