"20 ივნისის კანონდამრღვევი პოლიციელების დაწინაურება მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ხელისუფლება არის ჩამოქცეული და უკვე ძალოვან სტრუქტურებსაც არ ენდობა, ის თავის პოლიციას არ ენდობა და კანონდამრღვევი პოლიციელი ურჩევნია იყოს ხელმძღვანელ პოსტზე," - ამ განცხადებით, ბაჩუკი ქარდავა 20 ივნისს, მოქალაქეებზე ძალადობაში მონაწილე ერთ-ერთი მთავარი პირის, ვაჟა სირაძის დაწინაურებას ეხმაურება.
"საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ შს მინისტრს ურჩევნია, ხელმძღვანელ თანამდებობაზე კანონდამრღვევი პირი დანიშნოს.
„ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი აქტიური, მე ვიტყოდი პოლიციელების მხრიდან კანონდამრღვევი 20 ივნისის დღეს, მთელი დღის განმავლობაში. მე ვამბობდი პარლამენტში შესვლაზე, იყო ჩემზე საშვი დაშვებული და ეს ადამიანი ძალიან აქტიურად და აგრესიულად მიშლიდა ამაში ხელს. არა მხოლოდ მე მიშლიდა ხელს, ის ხელს უშლიდა ჟურნალისტებს. ესეთი ადამიანების დაწინაურებას იმ ფონზე, რომ გახარიაა გადასაყენებელი და ეს ამბავი არ ასცდება გახარიას და ბიძინა ივანიშვილს, ამ ფონზე, 20 ივნისის კანონდამრღვევი პოლიციელების დაწინაურება მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ხელისუფლება არის ჩამოქცეული და უკვე ძალოვან სტრუქტურებსაც არ ენდობა, ის თავის პოლიციას არ ენდობა და კანონდამრღვევი პოლიციელი ურჩევნია იყოს ხელმძღვანელ პოსტზე. ეს არის ცინიკური დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ. დასცინის ამით ბიძინა ივანიშვილი ხალხს და ფაქტობრივად, ეუბნება იმას, რომ მას არ აინტერესებს ხალხის აზრი, მას არ აინტერესებს საზოგადოებაში რა განწყობებია. თუ საჭირო იქნება, ვისვრი ათასჯერ, ოღონდ ხელისუფლება შევინარჩუნო,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია, ვაჟა სირაძის დაწინაურებაში, რაიმე პოლიტიკურ კონტექსტს ვერ ხედვას. მისი თქმით, ეს არის მორიგი ჩვეულებრივი საკადრო გადაწყვეტილება და ამაში განსაკუთრებული არაფერია.
„ეს არ იყო ჩვეულებრივი ვითარება და თუკი ვინმე ხედვას მის ამ ქმედებაში რაიმე უკანონოს ან უფლებამოსილების ფარგლების გადალახვას, მაშინ ბუნებრივია, უნდა ვისაუბროთ ასე. თუმცა, მე ამას ასე არ ვუყურებ. კანონმდებლობა დგინდება აბსოლუტურად სხვა სტანდარტებით და არა უბრალოდ ესე პოლიტიკური კომენტირებით და ფაქტის შეფასებით. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ჩემთვის ეს არის რიგითი, ჩვეულებრივი საკადრო გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროში შიგნით. არაფერი ამის იქით, რაღაც სიმბოლიზმის დანახვა ან გზავნილის დანახვა, როგორც არის მცდელობა, რომ ასე იქნეს აღქმული, მე ამაში ვერ ვხედავ. სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ის უნდა ყოფილიყო იმ პოზიციაზე, რომელზეც ახლა დაინიშნა და იქნა სისრულეში მოყვანილი ეს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ვაჟა სირაძე საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა. სირაძე არის ის მაღალჩინოსანი, რომელმაც პარლამენტის წევრი ნიკა მელია შენობიდან გამოაძევა, ხოლო "კურიერის" ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი და ოპერატორი გიორგი კვიწინიძე ასევ კანონის დარღვევით და ძალის გამოყენებით საკანონდებლო ორგანოდან ქუჩაში გამოაძევა.