ქართულ ენაზე მომზადებული რუსული პროპაგანდა და უავტორო ფილმი, რომელიც იმეორებს რუსულ ნარატივს. "ტელე იმედის" ეთერში გასული ფილმი, მწვავე კრიტიკის მიზეზი გახდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაში. „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა რა განზრახვა ამოძრავებდა კონკრეტულ ტელეკომპანიას ან ფილმის ავტორს, ასეთი ფილმის ჩვენება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში მართლდება ოკუპაცია.
„ტელეკომპანია იმედი გამოხატავს მთავრობის პოზიციას და ახმოვანებს მთავრობის შეხედულებებს. საქართველოს მთავრობა ომის დაწყებას აბრალებს საქართველოს. მე მინდა ყველამ, მთავრობაში იქნება, მედიაში, არ აქვს მნიშვნელობა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ომის დაწყების დაბრალება, რა მოტივიც არ უნდა ჰქონდეს ამას, ნიშნავს ოკუპაციის გამართლებას. ნიშნავს გამართლებას იმისა, რომ ჩვენი დევნილები ვერასდროს ვერ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. ნიშნავს გამართლებას იმისა, რომ ჩვენს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე გადმოდიან რუსი სამხედროები და იტაცებენ არაოკუპირებული ტერიტორიის კიდევ ახლა ახალ ნაწილებს,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
"ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის თავმჯდომარე კი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის დავალებების ღიად შესრულებაზე გადავიდა და ამის დამადასტურებელია ეს ფილმიც. ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, „იმედი" არის სამთავრობო არხი და ის, რაც იქ გადის, ბიძინა ივანიშვილთან არის შეთანხმებული.
„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მიექანება ქართული სახელმწიფოს რუსულ ორბიტაზე ანუ, ის, რისთვისაც 2012 წელს ივანიშვილის პუტინმა მოიყვანა ხელისუფლების სათავეში, ეს რუსული სპეცოპერაცია იყო, აი ამ ბოლო ეტაპზე მისი აქტიური პროცესი დაიწყო, რომ კრემლის გავლენის სფეროდ იქცეს კავკასია და საქართველო. ამასთან გვაქვს საქმე. ახალი არ არის, რომ "იმედი" თავიდან ბოლომდე 100%-ში ხელისუფლებისგან მართული ტელეკომპანიაა და ივანიშვილის გავლენა "იმედზე" არის ძალიან დიდი, თუ არა 100%-იანი. მის გარეშე, შემთხვევით ეს ფილმი იქ არ მოხვდებოდა. ალბათ უფრო, არა თუ ინფორმირებული იყო, არამედ მისი მოთხოვნაც იყო, რომ რუსეთის ინტერესების გასატარებლად, სწორედ ეს ფილმი გასულიყო ტელეკომპანია "იმედში." ქართული სახელმწიფოს ინტერესებს ურტყამს პირდაპირ ეს ფილმი. არაფერ შუაში არ არის სააკაშვილი. ის არის მხოლოდ ფაქტორად გამოყენებული. თუ სააკაშვილი დამნაშავეა, რა თქმა უნდა ქართული სახელმწიფოა ამ შემთხვევაში დამნაშავე და ყველა ის სამხედრო, რომელმაც ეს უკანონობა ჩაიდინა თურმე აი ამ ფილმის მიხედვით,“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
ტელე "იმედზე" გასულ ფილმზე მასალა მედია ჩეკერმა გამოაქვეყნა. უავტორო, ფილმი, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ერთი-ერთში იმეორებს - ასე აფასებს მედია ჩეკერი ფულმს, რომელსაც მწვავე კრიტიკა უვე მოჰყვა.
„ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას”-წერს "მედია ჩეკერი."