„პირდაპირ არის პრორუსული თამაში, რაც გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს აბსოლუტურად, რომ გააძლიეროს პრორუსული ძალები საქართველოში“, - ეს განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ლევან სამუშიამ გააკეთა.
სამუშია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში განახლებულ ბორდერიზაციას ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტი ხაზს უსვამს იმას, რომ დღევანდელი მთავრობა რუსეთის მიმართ მკაცრ პოლიტიკას არ ატარებს.
„საერთოდ არ არის გასაკვირი ის უნიათობა, რა უნიათობასაც დღეს საქართველოს ხელისულფება სჩადის და უფრო თამამი არის დღეს რუსეთის ხელისუფლება, ვინაიდან მას ეგულება საქართველოს ის ხელისუფლება, რომელიც მათ ნებისმიერ დაძახილზე მზად არიან სინქრონში გამოეპასუხონ საქართველოს პრეზიდენტით დაწყებული მინისტრთა კაბინეტით დასრულებული,“ - განაცხადა სამუშიამ.
სამუშიას კრიტიკა ხელისუფლებიდან თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადებამაც დაიმსახურა, სადაც ლევან იზორია „იმედის“ სიუჟეტის სულისკვეთებას იზიარებს, რომელიც საქართველოს რუსეთთან ომის დაწყებაში ადანაშაულებს.
„სხვა რაზე უნდა ვისაუბროთ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, კრემლისეულ სიუჟეტს, რომელიც „იმედის“ ეთერში გავიდა, ეთანხმება იმ სულისკვეთებას და იზიარებს იმ ყველაფერს,“ - განაცხადა სამუშიამ.
რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცევა ე.წ. საზღვარს მიღმა.
მოსახლეობა შეშინებულია და დახმარებას ითხოვს.