„ნათელია, რომ ხელისუფლება სიტყვებით მხარს უჭერდა ანაკლიის პროექტს, გაკეთებით კი ყველაფერს აკეთებდა მის ჩასაძირად“ - ეს განცხადება, საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ გააკეთა.
ბიზნესმენი ანაკლიის პორტის პროექტიდან ამერიკული კომპანიის „კონტი ჯგუფის“ გასვლას ეხმაურება. ფადი ასლი ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნა ხელისუფლების ინტერესში შედის. ამის დამადასტურებელ მაგალითად კი, ბიზნესმენს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება მოჰყავს.
„ჩემთვის ეს არის შედეგი იმისა, თუ რა ხდებოდა წლის დასაწყისიდან. მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შევიწროება, ყალბი ბრალდებები მათ წინააღმდეგ, ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერების განზრახვა მათი ხელმძღვანელობით. ინვესტორები ეძებენ ქვეყნებს, სადაც ბიზნესის წარმართვა თავისუფალ გარემოში შეეძლებათ. თუ მიდიხარ ქვეყანაში ისეთი დიდი პროექტის განსახორციელებლად, როგორიც ანაკლიაა და არ გაქვს ხელისუფლების მხარდაჭერა, ამას ვერ გააკეთებ. ბიძინა ივანიშვილის სტრატეგიამ იმუშავა - კონტი ჯგუფის გასვლა, რომელიც ანაკლიის კონსორციუმის ფუნდამენტური ნაწილი იყო, სიტუაციას სრულებით ცვლის, ნათელია, რომ ხელისუფლება სიტყვებით მხარს უჭერდა ანაკლიის პროექტს, გაკეთებით კი ყველაფერს აკეთებდა მის ჩასაძირად“, - ამბობს ფადი ასლი.
ბიზნესმენის თქმით, ივანიშვილი რუსული ინტერესების გამტარებელია, რადგან ოკუპანტი ქვეყნის ინტერესში არ შედის მათ გარეშე პორტის პროექტის განხორციელება.
„ბატონი ივანიშვილი ცალსახად მიჰყვება რუსულ დღის წესრიგს. მათ არ უნდა ანაკლია, მათ სურთ, რომ ანაკლიაში იყოს მათი ფული, რომ შემდგომ აკონტროლონ პორტი. ჩემი აზრით, სწორედ ეს მოხდება, ანაკლიის პროექტი ან არ განხორციელდება, ან თუ განხორციელდება, ეს რუსული ფულით მოხდება. არცერთი დამოუკიდებელი მყიდველი ან ჯგუფი აღარ დაინტერესდება ანაკლიით“, - განაცხადა ფადი ასლიმ.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამერიკულმა "კონტი-ჯგუფმა" დატოვა. ინფორმაციას სააგენტო accentnews.ge ავრცელებს. მიზეზად პროექტის გარშემო განვითარებული მოვლენები სახელდება, რომლის ფარგლებშიც მთავრობასა და პროექტის ინვესტორ ბანკებს შორის ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება.
ანაკლიის პორტის ინვესტორი ბანკების მიერ საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი 8 მთავარი მოთხოვნიდან, 7-ზე შეთანხმება შედგა. დარჩა მხოლოდ ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ დაზღვევას ეხება.