მოტყუებული მოსახლეობა, რომელიც საკუთარმა ხელისუფლებამ რუს ოკუპანტებთან პირისპირ, შიშველი ხელებით მარტო დატოვა. გუგუტიანთკარში, რომელსაც საოკუპაციო ჯარი უკვე ცხრა დღეა ნაწილ-ნაწილ ჩეხავს, ხალხის ბაღებს და სახლებს იტაცებს, მთავრობას 7 აგვიტოს შემდეგ ელოდებიან.
პრემიერი მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან ჩასვლას 12 აგვისტოს დაჰპირდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხალხი მოატყუეს. "ევროპული საქართველოს" წევრი, ელენე ხოშტარია ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, რომელიც რუსი ოკუპანტების სამიზნე სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა.
რატომ არ ჩადის მთავრობა სოფელში, რომელიც მიწებსაც ყოველ დღე იტაცებენ - ივანიშვილის პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოს არ აქვს ბერკეტი წინ აღუდგეს რუსულ აგრესიას.
ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ახალი საოკუპაციო ხაზების გავლება და ახალი მიწების მიტაცება, ივანიშვილის პარტიის პოლიტიკის შედეგია. მთავარი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან, რომ ახალი ტერიტორიების მიტაცებას, მწვანე შუქს, თავად საქართველოს ხელისუფლება უნთებს, რომელიც სახელისუფლებო ტელევიზიის საშუალებით და დოკუმენტური ფილმებით ამტკიცებს, რომ ომის საქართველომ დაიწყო.
ოპოზიცია ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნისთვის საშიშია და რაც უფრო დიდხანს იქნება მართვის სადავეები ბიძინა ივანიშვილის ხელში, მით უფრო ღრმად გაიდგამს ფესვებს რუსეთი საქართველოში, გამოსავალს ოპოზიცია პროდასავლური ხელისუფლების მოსვლაში ხედავს, რომელიც კითხვასაც კი არ დატოვებს საით მიდის საქართველო დასავლეთისკენ თუ ჩრდილოეთისკენ.
ქართველი ერის გენოციდის მსხვერპლად აღიარებას ითხოვს ლეიბორისტული პარტია. შალვა ნათელაშვილი პარლამენტს დადგენილების პროექტით მიმართა.
სოფელ გეგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა ე.წ საზღვრის გავლება 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის ზუსტად 11 წლისთავზე დაიწყეს. შესაბამისი უწყებები უკანონო ბორდერიზაციის საკითხს 29 აგვისტოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში დააყენებენ.