გუგუტიანთკარი ახალ მავთულხლართებში მოექცა. სოფლის შუაგულში დაწყებული უკანონო ბორდერიზაციის პროცესი რუსმა სამხედროებმა ბოლომდე მიიყვანეს.
მავთულხლართები ყველა იმ ადგილას არის გაბმული, სადაც რკინის კონსტრუქციები დაამონტაჟეს.
იმ ოჯახებმა კი, ვისი სახლებიც მავთულხლართებს მიღმა დარჩა, ისევ გააგრძელეს საკუთარი სახლების დაშლა. გუგუთიანკარში დილიდან იმყოფებიან შეიარაღებული ნიღბიანი სამხედროები, თუმცა სამუშაოები არ განუახლებიათ.
ადგილობრივები მიმდინარე პროცესების გამო ძალიან დამწუხრებულები არიან და პოლიტიკოსებს ერთად დგომისკენ მოუწოდებენ. მოსახლეობა ამბობს, რომ 7 აგვისტოს დაიწყეს რუსმა ოკუპანტებმა ბორდერიზაციის პროცესი და ხელისუფლების წარმომადგენლებს სწორედ ამ პერიოდში უნდა ეაქტიურათ, რათა პროცესები ნაკლებად მტკივნეულად წარმართულიყო ადგილობრივებისთვის.
„ჩემთვის არის მთავარი საქართველო და არა პარტია. ეს პარტიებიც ერთად შეკრულები მე გავაჟღერე, რომ ერთად რომ ვიქნებით მტერი ვერ მოგვერევა მეთქი, მაგრამ უკვე დატანილები ვართ ჩვენ. ძნელია, რომ გამოცდი, ჩემმა შვილებმა გამოსცადეს, მეხუთედმა საქართველომ გამოსცადა, ყველანი ერთად ბედკრულ ბედში ვართ რა. მტკივა, რომ ჩვენ ასეთ დღეში ვართ. თავიდან, სადაც იმღვრევა ჩვენი სათავე ხომ ვიცით, პუტინს ვეჯავრებით, პუტინმა გვინაცვალა ჩვენ, მეტი არაფერი“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
გუგუტიანკთარელებს საკუთარი სახლების დასაცლელად და დარჩენილი ნაშალი მასალების გამოსატანად სამდღიანი ვადა აქვთ მიცემული რუსი სამხედროებისგან.
დღეს სოფელში ჩასვლას დიპლომატური კორპუსი გეგმავს. საერთაშორისო პარტნიორები რუსეთი საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებს ადგილზე გაეცნობიან.