18 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
ვხედავთ ფასადურ მართლმსაჯულებას, სამართალდამცავ ორგანოებს, ფასადურ დემოკრატიას, სახელმწიფო მართვას - იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები

იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა. ახლა 50 კანდიდატიდან საბჭოს წევრებმა 20-კაციანი სია უნდა მოამზადონ და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნონ. 

ამ სიის მომზადებას რეკომენდაციას არ აძლევენ საბჭოს არამოსამართლე წევრები. ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ფიქრობენ, რომ ბევრი კანდიდატი, რომლებიც საბოლოო სიაში მოიაზრებიან, არ უნდა გამწესდნენ უვადო მოსამართლეებად.

საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ერთთვიანი პროცესი პერფორმანსის ფონზე შეაჯამეს. მათ პრესკონფერენციაზე მიიტანეს ბანერი უზენაესი სასამართლოს შენობის წინა ფასადის გამოსახულებით და სიმბოლურად გაწიეს გვერდზე იმისთვის, რომ დასრულდეს კლანის მმართველობა სასამართლოში.

ჯანეზაშვილის შეფასებით, კონკურსმა დაადასტურა, რომ სასამართლოში კლანი არსებობს და ავტორიტარული მმართველობაა.

„გასაუბრების პროცესმა დაადასტურა, რომ სისტემაში, სასამართლოში არის ავტორიტარული მმართველობა, რომელსაც საერთო არ აქვს დემოკრატიასთან. ნახეთ, რომ გასაუბრების პროცესი მიმდინარეობდა ჯგუფური შეტევების რეჟიმში, იყო რთული პროცესი გასაუბრება და ვცდილობდით, რომ შეტევების ფონზე, წარგვემართა გასაუბრება ნორმალურ პირობებში“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ანა დოლიძის შეფასებით კი, ქვეყანაში ფასადურია არამარტო მართლმსაჯულება, არამედ პარლამენტიც და პროკურატურაც.

„ჩვენ დღეს ვხედავთ ფასადურ მართლმსაჯულებას, ფასადურ სამართალდამცავ ორგანოებს, ფასადურ დემოკრატიას, ფასადურ სახელმწიფო მართვას, ჩვენს წინაშეა ვითომ სასამართლო, ვითომ პარლამენტი, ვითომ პრემიერი, ვითომ პროკურატურა. მე და ნაზი ჯანეზაშვილი შიშველი ხელებით ვიბრძოდით და ვიბრძვით, რომ გაგვეშიშვლებინა ეს ფასადი, რომ თქვენთვის გვენახებინა, რომ სინამდვილეში საქმე არ გვაქვს სამართლიან სასამართლოსთან და სამართლიან მართლმსაჯულებასთან“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

   

დღის ამბები