18 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
პრემიერად გახარია, შს მინისტრად ღარიბაშვილი - მამუკა ბახტაძე მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე განცხადებას აკეთებს

ბიძინა ივანიშვილს შემოდგომაზე მნიშვნელოვანი საკვანძო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. სექტემბრის პირველი კვირის შემდეგ გაირკვევა, შეცვლის თუ არა „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა ბახტაძეს და ჩაიბარებს თუ არა პრემიერის პორტფელს გიორგი გახარია.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გახარიას ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის, რომელიც ამ თანამდებობას უკვე მეორედ დაიკავებს. მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ის მმართველი პარტიის გუნდის წევრი არის და იქნება. მისივე თქმით, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად დაკომპლექტება სამთავრობო გუნდიც. 

„მე ვიყავი, ვარ და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი. რაც შეეხება ცვლილებებს, იცით, ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადე, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ეს არის ცოცხალი პროცესი. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც გვაქვს საქართველოს პარლამენტში წარდგენილი და გვექნება განახლებული პროგრამა, შესაბამისად, გუნდის დაკომპლექტებაც იქნება ამ პროგრამაზე დაკომპლექტებული. ჩვენ ვართ ორიენტირებული შედეგებზე. პროგრამა, რომელიც შარშან წარვადგინეთ და პროგრამა, რომელსაც წარვადგენთ 2020-ის არჩევნებისთვის, არის განმსაზღვრელი და შესაბამისად, ბუნებრივია, ნებისმიერი პოზიციაც დაკომპლექტდება სწორედ ამ პროგრამის შესაბამისად,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ის შემოდგომაზე პარლამენტში ანგარიშით წარდგება და დეპუტატებს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

„საქართველოს პარლამენტში ბუნებრივია, მე წარვდგები, აუცილებლად და წარვადგენ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ისევე, როგორც წარვადგენთ ახალ პროექტებს, მათ შორის, საუბარი იქნება იმ პროექტებზე, რომელიც უნდა დაგვეხმაროს იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელიც დღეს არის ჩვენი საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა ბახტაძემ.

დღის ამბები