18 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
"თუკი პროცესი განახლდა, ბუნებრივია, ჩვენ გამოვიყენებთ, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს“ - ზალკალიანი გუგუტიანთკარზე  საუბრობს

"თუკი პროცესი განახლდა, ბუნებრივია, ჩვენ გამოვიყენებთ, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს“ - ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გუგუტიანთკარში განხორციელებული უკანონო ბორდერიზაციის შესახებ გააკეთა.

დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ის გუგუტიანთკარის მოსახლეობას გარანტიას ვერ აძლევს, რომ რუსი ოკუპანტები უკანონო ბორდერიზაციის პროცესს აღარ გააგრძელებენ. მინისტრი ამბობს, რომ ოკუპაციის პირობებში, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. 

დავით ზალკალიანმა, 7 აგვისტოს დაწყებული უკანონო ბორდერიზაციის შესახებ განმარტება დღეს პირველად გააკეთა.  

„ამჟამად, მე მაქვს ინფორმაცია, რომელიც მიღებულია შესაბამისი უწყებებიდან, რომ იქ პროცესი ამ წუთებში არ მიმდინარეობს. თუმცა,  მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ვაგრძელებთ აქტიურ მონიტორინგს, იმისთვის რომ მუდმივად გვყავდეს საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართული ამ პროცესში. თუკი პროცესი განახლდა, ბუნებრივია, ჩვენ გამოვიყენებთ, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თუკი გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესები განახლდება, ქართულ მხარეს ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნება.

„როდესაც საუბარი გვაქვს ოკუპანტებზე და იმ უკანონო პროცესებზე, რომელიც იქ მიმდინარეობს, ბუნებრივია, ჩვენ ვრჩებით მონიტორინგის რეჟიმში და იქ თუ სიტუაცია განახლდება, ბუნებრივია, ამაზე ვრეაგირებთ. მე საზოგადოებას ვაწვდი ინფორმაციას დღევანდელი მდგომარეობით და ეს არის ის ინფორმაცია, რაც მე გამაჩნია,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

დღის ამბები