ხმაური თბილისის საკრებულოს სხდომაზე - საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირების მიზეზი იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი უკანონო მშენებლობის საკითხი გახდა. საკრებულოს უმრავლესობამ აღნიშნული საკითხის განხილვაზე უარი განაცხადა, რამაც ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის გაღიზიანება გამოიწვია.
ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე დაბინძურებული სასმელი წყლის პრობლემაზეც ისაუბრა. ხაბეიშვილის მტკიცებით, თბილისის ზღვაში ფეკალიები ჩაედინება, რაც შესაძლოა ეპიდემიის გავრცელების წყაროდ იქცეს.
„სულმა წასძლია რამდენიმე დეპუტატს და თქვა, რომ აი, ხაბეიშვილი მაინც ბოლომდე მართალი არ არის და რაღაცას იტყუებაო. ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ საკრებულოს სხდომაზე მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი თბილისელებისთვის და როცა ჩემს კომენტარში ვთქვი, რომ არის ეპიდემიის საფრთხე, ეკოლოგიური კატასტროფაა, ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან ეს არ მოეწონათ და იქვე, ანუ კომისიაზე შემისწორეს, რომ თურმე წყლის ხარისხს პრობლემა არ აქვს. მე არ ვარ ამის ექსპერტი, თუმცა, რაც ჩემი თვალით ვნახე სერიოზული პრობლემაა და ამას მოგვარება სჭირდება. ასე რომ, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი დაპირება კომისიის სხდომაზე, რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე იმუშავებთ, დაპირებად არ დარჩეს. ამას ერთი დღე, ორი დღე და საათებიც კი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვიცოდეთ, წყალი, რომელიც თბილისელებს მიეწოდებათ, თბილისელების ნაწილს, მავნე არის, თუ არ არის და თუ არ არის, ის პრობლემა არის აღმოსაფხვრელი, რომელიც ეკოლოგიურ კატასტროფას ქმნის ადგილზე,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის ამ განცხადებას საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა. გიორგი ტყემალაძის განმარტებით, წყალი სასმელად უსაფრთხოა და მისი ფილტრაცია უმაღლესი ტექნოლოგიების მეშვეობით ხდება.
„წყალი, რომელიც მიეწოდება თბილისს, მის ხარისხს, არანაირი პრობლემა არ აქვს, ის არის დაცული ზონებიდან და გადის შესაბამის არაერთ ფილტრაციას უმაღლესი ტექნოლოგიების ლაბორატორიებში, რომელიც ჩვენ, ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან, რომ არაერთხელ ვართ ადგილზე ნამყოფი, გვაქვს შესწავლილი და ვიცით, რომ ეს პრობლემა არ არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ლევან, იმიტომ, რომ შენ რომ ორაზროვნად ამბობ, რომ შეიძლება რაღაც გარკვეული პრობლემა ჰქონდეს წყლის ხარისხს, ეს ძალიან სათუთი თემაა და ამას ჩვენ ძალიან მკაცრად და მკაფიოდ უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ეს პრობლემა არ ეხება წყლის ხარისხს,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მეორე აქტუალური საკითხი, რომელზეც ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა, კახეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეხებოდა, რომელზეც მერიამ 15 მილიონი დახარჯა, თუმცა დედაქალაქის მერმა ეს სამუშაოები დაიწუნა.
ხაბეიშვილმა კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა.
„15 მილიონი ლარის გაფლანგვაზე ისაუბრა დედაქალაქის მერმა და უხარისხო სამუშაოებზე. ბატონო გიორგი, თქვენთან, როგორც საკრებულოს თავმჯდომარესთან, გულწრფელად მაქვს კითხვა, როდესაც 15 მილიონი ლარის სამუშაო კეთდება დედაქალაქში, შემდეგ მერი ამბობს, რომ ეს სამუშაო იყო უხარისხოო, როდესაც სამუშაოები მიმდინარეობს ზედამხედველობას უნდა უწევდეს, თუ არა დედაქალაქის მერია რამდენად ხარისხიანად აწარმოებს კომპანია სამუშაოებს? და თუ არ აწარმოებს, ამის შემდეგ როგორ ხდება მიღება-ჩაბარების გაფორმება და თანხის გადარიცხვა? და თუ ეს ყველა ეტაპი გაიარეთ და თანხაც გადაურიცხეთ, კომპანიის გარდა, ხომ არ არის მაღალი თანამდებობის პირი, ან საჯარო მოხელეები, რომლებიც არ მოეკიდნენ მის საქმიანობას ისე, რომ ზიანი არ მისდგომოდათ თბილისელებს, ანუ კომპანიამ, რომ უცბად შეასრულა სამუშაოები, უხარისხოდ, ამის მაკონტროლებელი ვინ უნდა ყოფილიყო და მიღება-ჩაბარებაზე ვის უნდა მოეწერა ხელი? და თუ გავყვებით ასე ლოგიკას, საქმიანადაც ასეა, რომ მერიას ეხებოდა და მერიის პასუხისმგებლობის საკითხი იყო, ხომ არ ფიქრობთ, რომ იმ მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის, მათი, ვინც ამ მიღება-ჩაბარებაზე ხელს აწერდნენ, უნდა დადგეს ამ კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი?“- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებამ საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო კომისიის თავმჯდომარის გაღიზიანება გამოიწვია. ირაკლი ზარქუამ ხაბეიშვილი კონკრეტული პირების დავალებების შესრულებაში დაადანაშაულა.
„ეტყობა „შტაბ-კვარწირიდან“ ახალი დავალებაა, რომ ის მიმართულებები, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ძლიერი მხარეა, ეს არის სატრანსპორტო პოლიტიკა და ინფრასტრუქტურული ნაწილი, სადაც რეკორდული თანხა იხარჯება მიმდინარე წელს და თქვენ იცით, რომ წლიდან წლამდე მზარდია ინფრასტრუქტურული პროექტები. ეტყობა, ახალი დაკვეთაა, რომ რაღაც დაარტყან ვითომ თავიანთი ჭკუით კახი კალაძეს, მერიას და საკრებულოს, რომ აი, თურმე იქ რაღაცეები არ ხდება. ასეთი განცხადების საფუძველი, სანამ გააკეთებთ, მე გირჩევდით, რომ ჩაიხედოთ და კვალიფიციური იყოთ. პირველი, როდესაც ხდება ასეთი მასშტაბური, კაპიტალური პროექტები გზის ნაწილში აქ, ყოველთვის კონტრაქტის მიხედვით, სამ წლიანი საგარანტიო ვადა არის, ყველგან იდება, შეგიძლიათ მოიკითხოთ ეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ორ ნახევარი პროცენტს ჩვენ შეგნებულად ვიტოვებთ, ეს არის საბანკო გარანტია, იმიტომ, რომ თუ აღმოჩნდა ხარვეზი, ამ შემთხვევაში ჩვენ მივუთითებთ კონტრაქტორებს, თუ ქვე კონტრაქტორებს, იმ კომპანიებს, ვინც გარკვეული ვალდებულებებით აიღო, მიიღო მონაწილეობა ამ ტენდერში, რომ ზედმიწევნით თავიანთი ხარჯებით გამოსწორონ შეცდომა,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.