18 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
გუგუტიანთკარელებისთვის საქართველოს ხელისუფლებას პასუხი ბორდერიზაციიდან მეათე დღესაც არ აქვს

გუგუტიანთკარელებისთვის საქართველოს ხელისუფლებას პასუხი არ აქვს. სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა დღეს ვერ უთხრა სოფლის მოსახლეობას, რით დაეხმარება მათ „ქართული ოცნების“ მთავრობა.

ხალხი, რომლის სახლებსა და ეზოებში მავთულხლართებმა გაიარა, ელჩებსა და დიპლომატებს სოფელში პირველად არ ხედავს, მაგრამ ადგილობრივები ხელისუფლების და ელჩების დიპლომატიური განცხადებების გარდა, კონკრეტულ ქმედებასაც მოითხოვს.

თითქმის 10 დღიანი ლოდინის შემდეგ გუგუტიანთკარელებს პირველად ჰქონდათ საშუალება, საქართველოს მთავრობისთვის პირისპირ ეთქვათ, რას ფიქრობენ ხელისუფლებაზე რომელმაც ხალხი მიატოვა.

ადამიანები, რომლებმაც წლების წინ აშენებული სახლები აგურ-აგურ დაშალეს, სახელმწიფო მინისტრს ცრემლების გარეშე ვერ უყვებოდნენ, როგორ აიძულეს ოკუპანტებმა ტერიტორიის დატოვება, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ მათი საკუთრება იყო.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თუ რას მოიმოქმედებს ოკუპანტი და რას უნდა ელოდოს ქართული მხარე, ამაზე პასუხი მხოლოდ რუსეთს აქვს.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ხელისუფლების ასეთ პასიურობას კიდევ უფრო ცუდი მომავალი ექნება.

გუგუტიანთკარში 20-მდე სახელმწიფოს წარმომადგენელმა დღეს პირადად ნახა, როგორ აიძულებს საოკუპაციო რეჟიმი მშვიდობიან მოქალაქეებს საკუთარი სახლკარის მიტოვებას. დიპლომატებს უჭირთ იმაზე საუბარი, რამდენად ადექვატურია ხელისუფლება ამ მძიმე გამოწვევის წინაშე.

უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები დღეს გუგუტიანთკარში აღარ განუახლებიათ, თუმცა სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, ბაღები გუგუთიანთკარს მწვანე ღობეებით უკვე მოწყვიტეს.

დღის ამბები