„ცოდვის კალო ტრიალებს აქ, ყველაზე ცხელი წერტილი დღეს და ყველაზე სუნთქვის შემკვრელი არის ის უბედურება, რაც ახლა აქ, ჩვენს სისხლს და ხორცს, ქართველებს სჭირთ“ - ეს განცხადება, კოტე კემულარიამ გუგუტიანთკარში განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.
პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში ჩავიდა. მან პირადად ნახა, რა მდგომარეობაშია ადგილობრივი მოსახლეობა.
„სად არის ხელისუფლება? ცოდვის კალო ტრიალებს აქ, ყველაზე ცხელი წერტილი დღეს და ყველაზე გულის და სუნთქვის შემკვრელი არის ის უბედურება, რაც ახლა აქ, ჩვენს სისხლს და ხორცს, ქართველებს სჭირთ და ჩვენი მთავრობა ზოგი ხევსურეთშია, მაგალითად ბახტაძე და იქიდან გვიწვევს ყველას, რომ მუცოში ჩამოდითო, დანარჩენები დაკავებულები არიან ეშმაკმა უწყის რითი ან ისვენებენ. არავის გული არ შესტკივა თუნდაც იმაზე, რომ წინმსწრები რაიმე ნაბიჯი რომ გადაედგათ, აქ ეს უბედურება არ მოხდებოდა. ეს არ არის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. აქ თუნდაც 2013 წლიდან რაზმები რომ არ გაეყვანათ, რომელიც იდგა, დღეს ეს არ მოხდებოდა და ძალიან ბევრი რამ არ მოხდებოდა“ - ამბობს კოტე კემულარია.
გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები მეორე დღეა აღარ გამოჩენილან, თუმცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ადგილზე მავთულხლართები უკვე გაავლეს. ოკუპანტებმა მოსახლეობას სახლების დასაშლელად 3 დღიანი ვადა მისცეს, რომელიც დღეს იწურება.
სახლების დემონტაჟი თითქმის დასრულებულია. ამ დროისთვის არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ადგილზე არ იმყოფება. ჯერ უცნობია აღმოჩნდება თუ არა ოკუპანტების მიერ შემოღობილ ტერიტორიაზე წყლის რეზერვუარი, რომლითაც სოფელი მარაგდება.