ახალუბანთან და მეჯვრისხევთან ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი ეხმაურება. ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის, მურატ ჯიოევის თქმით, საქართველოს 8 მოქალაქე ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს.
ჯიოევის განცხადებით, ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, კერძოდ, ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ. მისივე თქმით, გატაცებულებს ჩხრეკისას მცენარეული სახის ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი ამბობს, რომ სამი ავტომობილი, რომლითაც დაკავებულები გადაადგილდებოდნენ, შეთანხმების თანახმად დღის ბოლომდე მათი ოჯახების წევრებს გადაეცემათ.