18 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის მორიგი სამიზნე-აბასთუმანი - მილიარდერისთვის კლდე მოჭრეს

აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილის მორიგი სამიზნეა. ოლიგარქის ახირებების გამო ხეობის უნიკალური ბუნება ნადგურდება, კურორტი კი სამკურნალო ფუნქციას კარგავს.

იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის ვერტმფრენი აბასთუმანში დამჯდარიყო, ოლიგარქის განკარგულებით, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე კლდე მოჭრეს. ახლა ივანიშვილის აეროდრომამდე მისასვლელად გზა მიჰყვათ.

„კურიერის“ კამერის გამოჩენისთანავე ტერიტორიაზე განგაში გამოცხადდა და დაცვის თანამშრომლების მობილიზება დაიწყო, თუმცა მათ რეაგირება ვერ მოასწრეს და მოჭრილ კლდეზე მდგარი ვერტმფრენი „კურიერის“ კამერამ გადაიღო. ის, რომ მფრინავი ობიექტი ოლიგარქს ეკუთვნის, დაცვის სამსახურის თანამშრომელმაც არ უარყო.

უნიკალური ქართული კურორტი ახლა ერთ დიდ სამშენებლო მოედნად არის გადაქცეული. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივებს მოსწონთ, თუმცა გზადაგზა იმ ზარალს ითვლიან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პროექტი აყენებს. ივანიშვილის სასტუმროს მშენებლობის დროს წყლის მილი დააზიანეს. ადგილობრივებს ცხელ ზაფხულში წყალი შეზღუდვით მიეწოდებათ.

წნევა კორპუსებს არ ჰყოფნის ამიტომ, მოსახლეობა სასმელ წყალს ეზოდან ეზიდება. დაზიანებული მილების შეკეთება მათ ოლიგარქის სამშენებლო კომპანია სთხოვეს, თუმცა უკვე ერთი თვეა წყლის დაზიანებული სისტემა არ აღუდგენიათ.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა მასშტაბური მშენებლობა წამოიწყო, კლინიკა დაანგრიეს, სანაცვლოდ მედპერსონალს გამწვანებული ტერიტორიის ნაცვლად ახალი შენობა კლდეზე, დაბის განაპირას აუშენეს. კლინიკა ამ დრომდე არ გახსნილა.

ცენტრი მხოლოდ სარეაბილიტაციო იქნება. სანატორიუმის დირექტორი ამბობს, რომ ამის საჭიროება არ არის, რადგან ინფორმაცია აბასთუმნის ჰაერის განსაკუთრებულობაზე მხოლოდ მითია და არა რეალობა.

დაბაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული ინტერესის საგანია, ხალხს კამერის წინ ყველა პრობლემაზე ლაპარაკის ეშინია. მშენებლობის მასშტაბები, რომელიც დღითიდღე იზრდება, ადგილობრივებს უკვე აშინებთ, რომ ერთ დღეს აქ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის საკუთრება გახდება და მოსახლება თავისუფლად გადაადგილებასაც ვერ შეძლებს.

დღის ამბები