03 ოქტომბერი 2024,   19:30
ვრცლად
უცხოეთში დაფუძნებული კომპანია საქართველოში მიწას ვეღარ იყიდის

მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების ახალი წესი  დაამტკიცა, რომლის თანახმად, სასოფლო სამეურნეო მიწებს საქართველოში ვეღარ შეისყიდის უცხოეთში დაფუძნებული კომპანია ან სხვა იურიდიული პირი. საზღვრის მიმდებარე ხუთკილომეტრიან ზოლში და მთავრობის მიერ დადგენილ შესაბამის ზონაში კი მიწას ვერც  საქართველოში დაფუძნებული უცხოური კომპანია ვერ შეიძენს.

მთავრობის სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა  განაცხადა, რომ  ამ პრინციპის გარდა დაწესდება სხვა რეგულაციებიც.

"სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება უცხოელ ფიზიკურ პირზე ან უცხოურ კომპანიაზე, თუნდაც ის საქართველოში იყოს დაფუძნებული, ვერ მოხდება საქართველოს საზღვრის მიმდებარე ხუთკილომეტრიან ზოლში და მთავრობის მიერ დადგენილ შესაბამის ზონაში. სასაზღვრო ზოლსა და ამგვარ ზონებში ვერ ერთი ფიზიკური პირი ან უცხოური კომპანია სასოფლო სამეურნეო მიწას ვერ შეისყიდეს. სამაგიეროდ, უცხოელი, რომელიც მემკვიდრეობით მიიღებს სასოფლო მიწას, შეიძლება გახდეს ამ მიწის მესაკუთრე. ეს ბევრ ჩვენ თანამემამულეს, რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და დღეს უცხოელად ითვლება, საშუალებას მისცემს მისი წინაპრების მიერ მემკვიდრებოთ დატოვებული სასოფლო-სამეურნეო მიწები მიიღონ საკუთრებაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, შერეული ქორწინების შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მოქალაქე არის ერთი მეუღლე, ხოლო მეორე მეუღლე არის უცხოელი, სასოფლო-სამეურნეო მიწა შესაძლებელია იყოს მეუღლეთა საკუთრებაში. წულუკიანის განცხადებით, განქორწინების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს ეძლევა უფლება უპირატესი შესყიდვის წესით დაეუფლოს თავისი ყოფილი უცხოეული მეუღლის ქონებას, რომელიც არის სასოფლო მიწა.

"ყოფილ უცხოელ მეუღლეს ეკისრება ვალდებულება, რომ გაასხვისოს ამგვარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელსაც ის ფლობდა ქართველ მეუღლესთან ქორწინების პერიოდში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები