26 აპრილი 2024,   13:15
ვრცლად
თურქეთის "მშვიდობის წყარომ" სირია ისევ მსოფლიოს ცხელ წერტილად აქცია - მსოფლიო ლიდერები ISIS საფრთხეზე საუბრობენ

სირია ისევ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ამჯერად ყველაზე ცხელი წერტილი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილია, სადაც რამდენიმე დღის წინ თურქეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ოფიციალური ანკარა განმარტავს, რომ მათი მიზანი ტერორისტების განადგურებაა, განსხვავებული ვერსია აქვთ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქურთებს.

იძულებით გადაადგილებული ქურთები თურქეთის პრეზიდენტსა და მსოფლიოს სხვა ლიდერებს მიმართავენ და სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. იერიშებს მოჰყვა პირველი მსხვერპლიც. საერთაშორისო ორგანიზაციების განმარტებით, დაღუპულთა შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვებიც. მსხვერპლია თურქულ მხარესაც.

თურქეთის სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო" ჩრდილოეთ სირიაში მეოთხე დღეა მიმდინარეობს. თავდაპირველად იერიში თურქულმა არტილერიამ და საჰაერო ძალებმა მიიტანეს. ოპერაციაში მალევე ჩაერთო სახმელეთო დანაყოფები. ანკარა მძიმე ტექნიკის გაგზავნას ამ დრომდე განაგრძობს. დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გადაწყვეტილებაში შეუვალია.

"ეს ოპერაცია არც ერთ შეთხვევაში არ შეწყდება, იმის მიუხედავად, რომ სირიის რეჟიმიც აპროტესტებს. ყველა მიმართულებით გვემუქრებიან, რომ შევაჩეროთ ოპერაცია. თუმცა არ შევჩერდებით. ეს ბატონ ტრამპსაც და სხვებსაც ვუთხარი. ბრძოლა გაგრძელდება ბოლო ტერორისტის განეიტრალებამდე. ისინი თურქეთის ტერიტორიიდან 32 კილომეტრის მანძილზე უნდა დავხიოთ უკან," - განაცხადა ერდოღანმა.

"ამერიკას მოკავშირე ქურთები არ მიუტოვებია," - ასეთია ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია. თურქეთს სანქციების დაწესებით დაემუქრა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი თურქ კოლეგას ირიბ გაფრთხილებას აძლევს. ოპონენტები კი ტრამპს ქურთების ღალატში ადანაშაულებენ, რადგან თურქეთმა ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკამ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკული ჯარი გაიყვანა.

"თურქეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ისინი ნატოს წევრები არიან. არ გვინდა თურქეთის ქმედებას დიდი მსხვერპლი მოჰყვეს. როგორც იცით "ისლამური სახელმწიფო" დავამარცხეთ, ხალიფატს ბოლო მოვუღეთ, ჩვენ ჩვენი საქმე შევასრულეთ,"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თურქეთის მიერ ოპერაციის დაწყებას "ისლამური სახელმწიფოს" გაძლიერების საფრთხედ აღიქვამს მსოფლიო ლიდერების ნაწილი, მათ შორის ვლადიმერ პუტინი. მიზეზი კი ისაა, რომ ხალიფატის დამარცხებაში ამერიკის მხარდაჭერით მოქმედმა ქურთებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. დაკავებული ტერორისტები კი მათ მიერ კონტროლირებად ციხეებში არიან.

"მათ ამ დრომდე ქურთთა სამხედრო ფორმირებები იცავდნენ. ახლა იქ თურქეთის არმიაა, რის გამოც ქურთები ბანაკებს ტოვებენ. ეს კი ის ბანაკებია, სადაც "ისლამური სახელმწიფოს" წევრები იყვნენ განთავსებული,"- განაცხადა პუტინმა.

"ისლამური სახელმწიფოს" საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც:

"დაეშთან" ბრძოლის პროგრესი უნდა შევინარჩუნოთ. არ უნდა დავუშვათ ტერორისტების გაქცევა," - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ექსკლუზიურად "კურიერისთვის", საქართველოში თურქეთის ელჩი ოპერაციის მიზნებზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ თურქეთის საზღვრის გასწვრივ ე.წ. უსაფრთხოების სარტყელი უნდა შეიქმნას, რათა ტერორისტებისგან შევიწროებულმა ლტოლვილებმა თავიანთ სახლებში დაბრუნება შეძლონ. ფატმა სერენ იაზგანის თქმითვე, ოპერაციას ლიმიტირებული საზღვრები აქვს და სირიის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საფრთხეს არ უქმნის.

"ქურთების მუშათა პარტია ჩვენთვის, ევროკავშირისა და ამერიკისთვის ტერორისტული ორგანიზაციაა. ისინი ჩვენ საზღვარზე არიან, სადაც უსაფრთხო სამოთხე მოიწყვეს. მათ განდევნეს სხვა ხალხები და სირიის ამ ტერიტორიაზე ანკლავი შექმნეს, ამას ჩვენ არ ავიტანთ. ამის შესახებ ჩვენი პარტნიორებიც გავაფრთხილეთ. ტერორისტებისგან საზღვარი უნდა დავიცვათ. მას შემდეგ რაც მათ "დაეშის" ტერორისტები შეიპყრეს, ამ თემას სათავისოდ იყენებენ, რათა მეტი დახმარება მიიღონ. უფრო მეტიც, შესაძლოა "დაეში" ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენონ,“- განაცხადა ფატმა სერენ იაზგანიმ.

35 მილიონამდე ქურთი თურქეთის, ერაყის, სირიის, ირანისა და სომხეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. თუმცა, მათ თავიანთი სახელმწიფო არ აქვთ. პირველ მსოფლიო ომში ოტომანთა იმპერიის დამარცხების შემდეგ, ქურთებმა სახელმწიფო შექმნის გარანტია მიიღეს, მაგრამ 1923 წელს დადებული ლოზანის საზავო ხელშეკრულებით პირობები შეიცვალა. ქურთებმა მხოლოდ ერაყში მოახერხეს ავტონომიური სტატუსის მიღება.

აღმოსავლეთმცოდნე მარიამ გურეშიძე ფიქრობს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებაში ქურთმა მებრძოლებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მკვლევარი დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონი პროცესებს ყურადღებით აკვირდება და ქურთების მასობრივ მკვლელობას არ დაუშვებს.

დღის ამბები