"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, აუცილებლად მივიდოდი პროკურატურაში,“ - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არ მიიჩნევს საჭიროდ შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხების გასაცემად პროკურატურაში მივიდეს.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის მიერ აღნიშნულ თემაზე გამოცხადებული მორატორიუმის პროცესი მალე დასრულდეს.
"მე არ გახლავართ პრეზიდენტი, რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას. ჩვენ ზოგადად ამ თემაზე როდესაც ვსაუბრობთ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პროკურატურაში კითხვებზე გაცემა დანაშაულის ჩადენას არ ნიშნავს. როდესაც პრეზიდენტმა მორატორიუმი გამოაცხადა, მაშინ ბრძანა, რომ საქართველოს პარლამენტთან ერთად დაიწყებოდა ახალ ნორმებზე მუშაობა. ჩემთვის არ არის ცნობილი რა ეტაპზეა ეს პროცესი. მორატორიუმი სასურველი იქნება დროულად დასრულდეს და პატიმრებს ჰქონდეთ იმედი, რომ მათი საქმეები მოკლე ვადებში იქნება განხილული,“ - აღნიშნა თეა წულუკიანმა.