ამერიკის საელჩომ საქართველოში, ჯვრის მონასტრის კონსერვაციის პროექტი, ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის 2019 წლის კონკურსის გამარჯვებულად გამოაცხადა.
პროექტს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი განახორციელებს.
"აშშ-ის საელჩო საქართველოში, 12 ნოემბერს გამოაცხადებს ჯვრის მონასტრის პროექტს 2019 წლის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის კონკურსის გამარჯვებულად. პროექტის ფარგლებში $100,000 გადაეცემა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს, რომელიც სხვადასხვა პროფესიონალებისგან შემდგარი ჯგუფის დახმარებით განახორციელებს სამუშაოებს: პროექტის საკონსერვაციო ციკლის პირველი ფაზის ფარგლებში ჩატარდება ყოვლისმომცველი კვლევა ფასადის დაზიანებისა და განადგურების დონის დადგენის, კლასიფიკაციისა და შემდგომი გეგმის შემუშავების მიზნით. ძირითადი ტაძარი (ჩვ.წ. 586-605) ჯვრის მონასტრის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული მონუმენტია. ჯვრის მონასტერი მცხეთის ისტორიული მონუმენტების ნაწილია და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია,"- ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა მსოფლიოს მასშტაბით 125-ზე მეტ ქვეყანაში, უკვე 1000-ზე მეტი პროექტი დააფინანსა. მისი წვლილი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში დაახლოებით 74 მილიონ დოლარს შეადგენს. საქართველოში ფონდმა 19 პროექტი დააფინანსა, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 1.5 მილიონ დოლარს შეადგენს.