ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განმარტებით, მათი ოპონენტები მორიგი დესტრუქციული ქმედებებით ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას.
უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ოპოზიციის ქმედებები დღითიდღე უგუნური ხდება.
"ოპოზიცია ყოველ ჯერზე, არჩევნებიდან არჩევნებამდე, უფრო და უფრო რადიკალური ხდება. ყოველ ჯერზე აჩვენებს საკუთარ ბოროტ სახეს, ამავდროულად ყოველ ჯერზე უფრო და უფრო არაგონივრული და უგუნური ჩანს, მათ შორის, ის რაც ახლა დაგეგმეს. უკვე, საზოგადოების აღშფოთებას იწვევს თუნდაც ამ ქუჩების გადაკეტვა, ეს ყალბი პროტესტი, რომელიც რამდენიმე ასეული ადამიანის საშუალებით არის ინსპირირებული", - განაცხადა ნინო წილოსანმა.
"ქართული ოცნების" წევრის, მაია ბითაძის განცხადებით, მიმდინარე აქცია "უსუსური და გაკოტრებული რადიკალური კლანის ბოლო გაფართხალებაა".
"ეს არის უსუსური, გაკოტრებული პოლიტიკური რადიკალური კლანის ბოლო გაფართხალება. მათი მიზანია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში მაქსიმალური ესკალაცია მოახდინონ მოვლენების მხოლოდ და მხოლოდ ერთი მარტივი მიზნით, რომ უარყოფითი შეფასებები მიიღონ ევროკავშირიდან საქართველოს მიმართ, რაც, კიდევ ერთხელ, თვალნათლივ ანახებს, თუ რაოდენ ბოროტი და მოღალატეობრივია ის ძალა, რომელსაც ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას ვეძახით", - განაცხადა მაია ბითაძემ.