"პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერ განხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს,"- ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტთან აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას. მისი თქმით, საარჩევნო კოდექსი ეუთოს რეკომენდაციების მიხედვით კიდევ უფრო დაიხვეწება, რაც მოსახლეობას 2020 წლის არჩევნებისთვის თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს.
"მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ სამწუხაროა ნამდვილად, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო პარლამენტში, თუმცა პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერ განხორციელება არ ნიშნავს ქვეყნის დასასრულს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით გარანტორები, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, თავისუფალ გარემოში. ჩვენ, ასევე, ეუთოს რეკომენდაციებით მივიღებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც კიდევ უფრო გამჭვირვალეს და სამართლიანს გახდის საარჩევნო გარემოს. ასე რომ ჩვენს მოქალაქეებს 2020 წლის შემოდგომაზე ექნებათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის აწ უკვე ყოფილ წევრებზეც ისაუბრა, რომელთაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ პარტია დატოვეს.
"ჩვენ მათთან გვქონდა ინდივიდუალური კონსულტაციები. მომავალში, ყველა მნიშვნელოვან რეფორმასა და პოზიტიურ ინიციატივაში ჩვენ გვაქვს მათი მხარდაჭერის იმედი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კითხვაზე, რას უპასუხებს საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებს, რომელთაც მომხდარის გამო კრიტიკული კომენტარები გააკეთეს, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მათ ამ საკითხზე მეტ არგუმენტსა და ინფორმაციას მიაწვდიან.