"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მისამართით განხორციელებულ ფარულ საგამოძიები მოქმედებებზე განმარტებას აკეთებს პროკურორი.
ზვიად გუბელაძე ამბობს, რომ კანონის სრული დაცვით, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები უშუალოდ ავტომობილზე, რომელიც მიზნად ისახავდა დადგენილიყო, ვინ სარგებლობდა აღნიშნული ავტომობილით.
გამოძიების ინფორმაციით, საუბარია 76 ათას ევროს ღირებულების ავტომობილზე, რომელიც პროკურორის თქმით, ნიკა გვარამიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღო.
"იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ბრალდების მხარეს სასამართლოში წარდგენილი გვაქვს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც შესაბამისი სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის ჩადების ფაქტს. გვაქვს მოლოდინი, რომ საქმე სრული მოცულობით გადაცემული იქნება არსებითად განსახილველად. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ საკუთრებაში მან მიიღო დაახლოებით 76 ათას ევროდ ღირებული ავტომობილი. განჩინების, მოსამართლის ნებართვის საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდებოდა უშუალოდ ავტომობილზე, კერძოდ, მხოლოდ ორი დღის განმავლობაში ხდებოდა გადაღება ავტომობილის და კონკრეტულად ვინ სარგებლობდა ამ ავტომობილით“ - აცხადებს ზვიად გუბელაძე.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. გამოძიება გვარამიას, არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს და "ინტერმედია პლიუსის" ხელმძღვანელს ედავება.
პროკურატურა საუბრობს “რუსთავი 2“-ის ინტერესის საწინააღმდეგოდ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ქონების დამალვაზე.