გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობის ლიდერებისა და ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარების დახურულმა შეხვედრამ, რომელიც მამუკა მდინარაძის კაბინეტში მიმდინარეობდა, ხმაურის ფონზე ჩაიარა.
"კურიერის" ინფორმაციით, მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ კოლეგებს საარჩევნო სისტემის შესახებ ახალი ინიციატივა წარუდგინა, რაზეც აზრთა სხვადასხვაობა იყო.
შეხვედრას მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ესწრებოდნენ.
თავად დიმიტრი ხუნდაძე არ აკონკრეტებს, თუ რა ინიციატივაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ამის შესახებ მალე ყველა გაიგებს. შეხვედრის თემატიკის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს მიხეილ ყაველაშვილიც.
ხუნდაძის ინიციატივის თაობაზე კამათსა და აზრთა გაცვლა-გამოცვლას ადასტურებენ უმრავლესობის ლიდერები- ანრი ოხანაშვილი და მამუკა მდინარაძეც. თუმცა, ინიციატივის გახმაურებისგან ორივე მათგანი თავს იკავებს და ელოდებიან, როდის ისაუბრებს ამის თაობაზე თავად ინიციატივის ავტორი დიმიტრი ხუნდაძე.
შეხვედრის მონაწილე ყველა პირი აცხადებს, რომ მაჟორიტარების მხრიდან უმრავლესობის დატოვების თაობაზე საუბარი არ ყოფილა.
დახურული კონსულტაციების შემდეგ, უმრავლესობის ლიდერთან შესახვედრად ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მივიდა, რომელმაც პარლამენტი კომენტარის გარეშე დატოვა.