შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთდროულად რამდენიმე საპროტესტო აქცია იმართება. აქტივისტები ბოლო პერიოდში პოლიციის ქმედებებს აპროტესტებენ.
სამოქალაქო მოძრაობების "სირცხვილია" და "შეცვალე" წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კანონის დაცვას და არასამართლებრივ ქმედებებზე რეაგირებას მოითხოვენ.
დემონსტრანტები ბოლოდროინდელ ინციდენტებს იხსენებენ, სადაც მათი შეფასებით პოლიციამ კანონი არ დაიცვა. საუბარია მცხეთის, ზუგდიდის, ქუთაისის, ხულოსა და შუახევში გამართულ საპროტესტო აქციებზე.
"მოვედით მოთხოვნით, რომ თავისი პირველადი ფუნქცია შეასრულოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დაიცვას მოქალაქეები. ბოლო დღეების განმავლობაში ზედიზედ რამდენიმე ადგილას მოხდა ინციდენტი და პოლიციამ არ დაიცვა მშვიდობიანი მოქალაქეები," - განაცხადა სამოქალაქო მოძრაობის წევრმა გიგა მაქარაშვილმა.
"სირცხვლია" და "შეცვალეს" გარდა ორთაჭალაში მოძრაობა "20/30-იანელების" წევრებიც მივიდნენ. აქცია პერფორმანსები ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს.
მოძრაობა 20/30-იანელების წევრების განმარტებით, ისინი "სირცხვილიასა" და "შეცვალეს" "კონტრაქციას" მართავენ.
"ჩვენი აქცია ემსახურება კონტრაქციას. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ადამაინები არასწორად აფასებენ პოლიციის მუშაობას, რადგან ისინი ყოველთვის პირნათლად ასრულებენ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნებს და ჩვენ ამ მარაზმს ვაპროტესტებთ," - აღნიშნა "20/30-იანელების" ერთ-ერთმა წევრმა.