გორის მაჟორიტარი დეპუტატის განვლილი ცხოვრება და მოღვაწეობა - 104 გვერდიანი წიგნის დიდი ნაწილი იოსებ მაკრახიძეს ეძღვნება.
თუ ამ შესანიშნავ გამოცემას შეიძენთ, გაიგებთ, რომ დეპუტატი თავის დროზე დაუღალავი ინჟინერი იყო, დღემდე კი დინჯი და გულისხმიერი ადამიანია. რჩება მხოლოდ ერთი კითხვა - ვინ დააფინანსა წიგნი?
გორში იოსებ მაკრახიძის შესახებ ბევრი არაფერი იციან, როგორც ჩანს, დეპუტატმა გადაწყვიტა მონოგრაფიით გააცნოს თავი საკუთარ ამომრჩეველს.
წიგნი, რომლიდანაც ჟურნალისტი ლექსს კითხულობს, "ქართული ოცნების" დეპუტატზეა. პუბლიკაცია ამავე დეპუტატის სამაჟორიტარო ბიუროს დაფინანსებით გამოიცა. 104 გვერდიან გამოცემაში მაკრახიძისა და მისი თანაკლასელების ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდია მოთხრობილი. წიგნში, ასევე, გადმოცემულია დეპუტატის სტუდენტობის შემდეგ, რუსეთში მოღვაწეობის პერიოდიც.
წიგნის მთავარი გმირი უარყოფს, რომ მონოგრაფიის გამოსაცემად თანხები ბიუჯეტიდან გამოიყო. იოსებ მაკრახიძე ყვება, რომ პუბლიკაცია მეგობრებმა პირადი ხარჯით გამოსცეს. დეპუტატს მტკიცების მიუხედავად მაინც უჭირს ახსნა, თუ რატომ არის წიგნზე სახელმწიფო ორგანო მითითებული და რა ნაწილში გაუწია ავტორს მხარდაჭერა ქართული ოცნების ბიუროს ოფისმა.
წიგნის შინაარსით არ დაინტერესებულან მაკრახიძის ოპონენტები, თუმცა ოპოზიციის მთავარი კითხვა დეპუტატზე გამოცემული წიგნის დაფინანსებაა.
საკუთარი მაჟორიტარის ბიოგრაფიას გორელების დიდი ნაწილი არ იცნობს. მოქალაქეების ნაწილმა მაკრახიძის საქმიანობის შესახებ ბევრი არაფერი იცის, ნაწილს კი მასზე საუბრის სურვილი არ აქვს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გორის მაჟორიტარი დეპუტატის გვარს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან აკავშირებენ. ცოტა ხნის წინ მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული აუდიტის დასკვნით გაირკვა, რომ ორი წლის განმავლობაში გორში გამოცხადებული ტენდერები უკონკურენტო გარემოში იმართებოდა. მილიონიან ტენდერებს კი, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის ან მისი ოჯახის წევრების მიერ დაფუძნებული კომპანიები იგებდნენ.