თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეზიდენტურის გამოცდის საფასურის დაკისრებას აპროტესტებენ.
სტუდენტებმა იურისტ ანა დოლიძის მხარდაჭერით დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში წერილობითი მიმართვა მიიტანეს, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ის სამართლებრივი უზუსტობა, რომლის მიხედვითაც უწყებას არ აქვს უფლება გამოცდაზე უკვე დარეგისტრირებულ რეზიდენტებს, დასაშვებად განკუთვნილი ფულადი გადასახადი დააკისროს.
„ჩვენ კონსულტაციები პროფესიონალ იურისტებთან გავიარეთ, რეგისტრაცია 30 ნოემბერს დასრულდა, დადგენილება კი 2 დეკემბერს მიიღეს.რაც იმას ნიშნავს, რომ იურიდიულად ეს გადაწყვეტილება და შესაბამისად, არც გადასახადების გადახდა არ გვეხება.არ ვართ არანაირი ტარიფიკაციის მომხრე, სანამ ხარისხობრივად ჩვენი საგამოცდო სისტემა არ გაიმართება“, - განაცხადა სტუდენტმა ნიკა ჯინიკაშვილმა.
ანა დოლიძის განცხადებით კი, თუ სამინისტრო არ გაითვალისწინებს მიმართვას, ახალგაზრდები სამართლებრივ ბრძოლას სასამართლოს გზით გააგრძელებენ.
„ათასობით ადამიანი, რომელიც უკვე დარეგისტრირებულია აღნიშნულ გამოცდებზე, იგებს, რომ თურმე მათ მორიგი მოსაკრებელი უნდა გადაიხადონ. ჯანდაცვის სამინისტრომ იურისტებთანაც არ გაიარა კონსულტაცია, ისინი ვერ მიხვდნენ რომ ადამიანები, ვინც პროცესში უკვე ჩართულები არიან, არ შეიძლება მორიგი ბიუროკრატიული წინაღობების შემოღება მათთვის. თუკი, ამ მიმართვას შემდეგ არ მოჰყვა პასუხი, რა თქმა უნდა, ისინი სამართლებრივ ზომებს მიიღებენ“, - აღნიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ.