მოზარდების პორნოგრაფიის საქმეზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული 11 პირიდან მძიმე ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს. წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან პორნოგრაფიაში გაუცნობიერებლად ჩართული არასრულწლოვნების მშობლები და პედაგოგი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის ხელშეწყობას ედავება.
მიუხედავად "კურიერის" არაერთი მცდელობისა, სკოლის ადმინისტრაცია - არც დირექტორი და არც მისი მოადგილე დამატებით განმარტებას მომხდართან დაკავშირებით არ აკეთებს. მომხდარზე საუბრობენ მხოლოდ სკოლის პედაგოგები. მათი მტკიცებით, ამერიკის მოქალაქემ მშობლებიც და პედაგოგიც მოატყუა.
18 ტომიან საქმეზე გამოძიება 3 თვეზე მეტია გრძელდება, ჯერ კიდევ სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამავე ბრალდებით 9 მშობელი და ორი ფოტოგრაფი - ამერიკისა და ავსტრალიის მოქალაქე დააკავა. ბავშვთა პორნოგრაფიული ფოტო-ვიდეო მასალას თბილისში 2 ფოტოსალონში მზადდებოდა.
დანაშაულებრივი სქემა, "კურიერის" ინფორმაციით, ასეთია: ამერიკის მოქალაქე არასრულწლოვნების ოჯახების ნდობას მოიპოვებდა, შემდგომ კი გარკვეული თანხის სანაცვლოდ ფოტოსესიებზე ითანხმებდა. ახლა საქმეში მონაწილე არასრულწლოვნებთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
დაცვის მხარის ინფორმაციით, მძიმე ბრალდებით დაკავებული მშობლებმა იცოდნენ მხოლოდ ის, რომ არასრულწლოვნების ფოტოები სარეკლამო ხასიათის იყო. ნაწილი მათგანი ჯერ კიდევ სექტემბერში დაწყებულ გამოძიებაშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა ახლა ისინიც ციხეში აღმოჩნდნენ.
პორნოგრაფიის გახმაურებულ საქმეს უკვე 22 ბრალდებული ჰყავს, უცხო ქვეყნის მოქალაქეების გარდა, ყველა ერთი სოფლიდან არის და ყველა არასრულწლოვნის ოჯახის წევრია. ამ დროისთვის, 11 დაკავებული სასამართლო პროცესის მოლოდინშია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალაა ჩანიშნული.