ქუთაისში აქციას დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. მონაწილეებსა და დაუდგენელ პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ადგილობრივების ნაწილი ქუთაისში ოპოზიციის ლიდერების გამოჩენამ გააღიზიანა. ოპოზიცია მომხდარს ხელისუფლების პროვოკაციად აფასებს.
კიდევ ერთი დაპირისპირება ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მხარდამჭერებს შორის ქუთაისის მერიასთან მისვლამდე მოხდა.
ოპოზიციას დღეს კვერცხები და ქათმებიც ესროლეს, თუმცა მომიტინგეების ნაცვლად კვერცხები პატრულის მანქანას მოხვდა.
ქუთაისი ერთ-ერთი პირველი ქალაქია, საიდანაც ოპოზიციამ რეგიონებში საპროტესტო აქციები დაიწყო. გაერთიანებული ოპოზიციის, სხვადასხვა პარტიის და სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები კიკვიძის ბაღიდან მსვლელობით აღმაშენებლის მოედნისკენ გაემართნენ, მერიასთან მისვლამდე კი ქართული ოცნების ოფისი გაიარეს, სადაც მმართველი პარტიის წევრები და მხარდამჭერები იყვნენ მობილიზებული, თუმცა მსვლელობამ მშვიდად ჩაიარა.
პოლიტიკური პარტიების და მათი მხარდამჭერების მსვლელობა ქუთაისის მერიასთან დასრულდა, სადაც ოპოზიციის ლიდერების სიტყვით გამოსვლები დაიწყო.
ხელისუფლება ოპოზიციას ურჩევს ქუჩიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლონ.
საპროტესტო აქციები ქვეყნის თითქმის ყველა ქალაქში იგეგმება. ოპოზიცია რეგიონებში საპროტესტო მსვლელობებს 10 დღის განმავლობაში მოაწყობს, ამის შემდეგ კი შეკრება დედაქალაქშია დაგეგმილი, ლიდერების თქმით, თუ ამ ვადაში ხელისუფლება პოზიციას არ შეცვლის წინააღმდეგობის მოძრაობას დაიწყებენ.
ავტორი: ქეთი ზანთარაია