"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს გრიგოლ ვაშაძეს ხელისუფლებასთან დიალოგის მეორე რაუნდის პოზიტიურად შეფასება უჭირს.
ვაშაძის ინფორმაციით, დიპლომატებმა ოპოზიციის შემოთავაზებული კომპრომისული ვარიანტის კომპონენტებად განხილვა გადაწყვიტეს, რათა მოლაპარაკების შემდეგი რაუნდისთვის მოლაპარაკების თემა არსებულიყო.
"არავითარი შედეგი არ იყო, თუ ამაში რამე პოზიტიურის დანახვა შეიძლება. იყო დათანხმება იმ წინადადებაზე, რომლითაც გამოვიდნენ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები, შუამავლები, როდესაც მათ თქვეს, რომ რადგან ვერ ვთანხმდებით, აგერ ვიღებთ კომპონენტს ოპოზიციის კომპრომისული წინადადებიდან, და ამ წინადადების ერთი კომპონენტი განვიხილოთ, რომ თემა გვქონდეს შემდეგი რაუნდისთვის,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დიალოგის მეორე რაუნდი საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით 8 დეკემბერს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.