"შენების მოძრაობის” თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები მათ მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემის- "გერმანული მოდელის" შემადგენელი ნაწილია, რომლის განხილვის დროსაც, მმართველმა გუნდმა აღნიშნა, რომ ის, კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.
"ჩვენ დავდეთ მთელი დოკუმენტი, რომელიც შედგება ორი კომპონენტისგან - როგორ ავირჩიოთ პროპორციული და როგორ ავირჩიოთ მაჟორიტარული. პროპორციულთან დაკავშირებით, რადგან ხელისუფლება ამბობდა, რომ ეს არაკონსტიტუციურია და ამიტომ, სულ არ ვკითხულობ მე ამ დოკუმენტს, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ კი მაგრამ, მეორე ნაწილთან გაქვთ რამე პრობლემა? ხელისუფლების პასუხია, რომ ეს არაკონსტიტუციური არ არის. მაშინ ვეკითხებით ჩვენ, -ეს არ არის არაკონსტიტუციური? ამაზე ხართ მზად, რომ დავიწყოთ საუბარი? ამიტომ, ამ თემაზე ხელისუფლების ჩამოყალიბებას ველოდებით და შემდეგ გაგრძელდება საუბარი,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქების ფორმატთან კითხვები აქვს "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაიას, თუმცა აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისგან წამოსული ნებისმიერი წინადადება უნდა განიხილებოდეს.
"ნებისმიერი საკითხი, რომელიც იქნება სამსჯელო და მოდის ხელისუფლებიდან, იქნება განხილული. მეც მაქვს ბევრი კითხვა მრავალმანდატიანთან დაკავშირებით, თუ როგორ ფორმატში იქნება, "გერმანულ მოდელში" თუ "გერმანული მოდელის" გარეშე, ცალკე. ყველაფერი ეს, განხილვის თემაა,"- განაცხადა პაატა დავითაიამ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დიალოგის მეორე რაუნდი საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით 8 დეკემბერს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.