18 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
უმრავლესობის წევრებს "ქართული ოცნების" ოფისში შესვლა სათადარიგო შესასვლელით მოუწიათ

პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც უმრავლესობის წევრები კონსულტაციებისთვის იკრიბებიან, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც აქციის მონაწილეებს "ქართული ოცნების" წევრებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.

უმრავლესობის წევრებს მმართველი პარტიის ოფისში შესვლა სათადარიგო შესასვლელით მოუწიათ.

მანამდე, ერთ-ერთ სამოქალაქო აქტივისტსა და მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატ ლადო კახაძეს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

აქტივისტმა დეპუტატს ჰკითხა, თუ რატომ ვერ შეთანხმდნენ "ოცნების" დეპუტატები 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გუნდთან შეთანხმება მოახერხა.

"ეს კითხვები მეც მაქვს, თქვენთან ერთად. დღესაც ამ სამსჯავროზე ვიკრიბებით და ყოველთვის ვცდილობთ, რაღაცა კონსენსუსამდე მივიდეთ. იმიტომ რომ, როგორც ქვეყნის შვილებს, ყველას გვჭირდება. ჩვენ ხომ ახლა ცალ-ცალკე მხარე არა ვართ, ჩვენ ხომ ერთი სატკივარი გვაქვს. ისინი თავის აზრს აფიქსირებენ,"- უპასუხა ლადო კახაძემ აქტივისტს.

შეგახსენებთ, რომ 15:00 საათზე "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიწყო, სადაც მმართველი გუნდის წევრები, სავარაუდოდ, საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და დიპლომატების მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე იმსჯელებენ.

დღის ამბები