18 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
"რა ენაც იცის, იმ ენაზე მოგვიხადოს ბოდიში მთელ საქართველოს" - პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციები არ წყდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციები არ წყდება. ათონელის რეზიდენციასთან უკვე ორი საპროტესტო გამოსვლა გაიმართა. მოძრაობა "შეცვალეს" შემდეგ, ორბელიანების სასახლესთან ალეკო ელისაშვილი და მისი მხარდამჭერები მივიდნენ.

სამოქალაქო მოძრაობა ითხოვს, სალომე ზურაბიშვილმა მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო საჯაროდ მოიხადოს ბოდიში.

ალეკო ელისაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება ანტისახელმწიფოებრივია და ის რუსულ ინტერესებს ატარებს.

"სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით, ჩვენ ქართული ვიცით და გვესმის. სიტყვასიტყვით თქვა, რომ ჩვენ არ გვყავს ჯარი, ჩვენ არ გვყავს შეიარაღება და არც გვექნება, რაც ყველაზე შემაშფოთებელია. ძალიან კარგად გავიგეთ, რასაც ლაპარაკობდა, გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს. არ გვჭირდება მისი ბოდვა და განმარტებები. გამოვიდეს და ბოდიში მოუხადოს არმიას, შეიარაღებულ ძალებს, მის პირად შემადგენლობას და თითოეულ ჩვენგანს, ვისთვისაც ძვირფასია ქართული არმია,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ქართული ჯარისა და თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფას უწოდებენ პრეზიდენტის განცხადებას სამოქალაქო აქტივისტები. აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის გადადგომას ითხოვენ. 

"ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ჯარი, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოზე უზომოდ შეყვარებული პატრიოტებით და ნამდვილი გმირებით, რომლებიც მზად არიან თავი გაწირონ ამ ქვეყნისთვის. მოვითხოვთ, გამობრძანდეს ეს ქალბატონი და რა ენაც იცის, იმ ენაზე მოგვიხადოს ბოდიში მთელ საქართველოს," - განაცხადა  ”სამოქალაქო მოძრაობის” წევრმა ივანე ნორაკიძემ.

დღის ამბები