იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, სადაც უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დამტკიცების საკითხი განიხილებოდა, ჟურნალისტების იძულებით გაყვანას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეთიკის ქარტიის საბჭო, პარლამენტში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია და მედიის წარმომადგენლების მიმართ, ასეთი მოპყრობა დაუშვებელია.
ქარტია მოუწოდებს დეპუტატებს, პარლამენტში ჟურნალისტების შეუფერხებელი მუშაობა უზრუნველყონ.
"დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომიდან, სადაც უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დამტკიცების საკითხი განიხილებოდა, მედიის წარმომადგენლების ნაწილი ძალის გამოყენებით გამოაძევეს დარბაზიდან. ჟურნალისტების მონათხრობით (ეს გავრცელებულ კადრებშიც ჩანს) კომიტეტის თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ - მედიას დაეტოვებინა დარბაზი, მანდატურებმა ისინი უხეში ფორმებით გამოყარეს კომიტეტის სხდომიდან. გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის, რომ მანდატურების ამ ქმედებას დეპუტატთა ნაწილიც ახალისებდა. “გამოათრიეთ ეხლავე”, “გამოყარეთ” - ისმის კადრებში.
ჟურნალისტები ქარტიასთან საუბარში ამბობენ, რომ მანდატურების მხრიდან მედიის მიმართ მსგავსი უხეში მოპყრობა არ ახსოვთ.
ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებულია პარლამენტში დღეს მომხდარი ფაქტით, დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა, ნიშანდობლივია, რომ ამ დროს დარბაზში დეპუტატებს შორის მწვავე დაპირისპირება იყო და მედიის ინტერესი, გაეშუქებინათ კონფლიქტი, ბუნებრივი იყო.
ქარტია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაავალოს შესაბამის სამსახურებს, შეისწავლონ მანდატურების ქმედებები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება. ქარტია ასევე მოუწოდებს დეპუტატებს უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი მუშაობა პარლამენტში, რათა ჟურნალისტებმა მოახერხონ საზოგადოების დროული და სრული ინფორმირება," - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.