03 ოქტომბერი 2024,   19:23
ვრცლად
აჭარაში სტიქიით დაზარალებულები კომპენსაციას ითხოვენ

აჭარაში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები კომპენსაციასა და ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამოყოფას ითხოვენ. რეგიონში მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია. აჭარის მთავრობაში უკვე შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და ზარალს დაითვლის.

სტიქიამ, მეწყერმა და ძლიერმა წვიმამ ყველაზე მეტად აჭარის მაღლთიანი, ხელვაჩაურის რაიონი დააზარალა. უხვად მოსულმა ნალექმა სოფელ ახალშენში სასაფლაოც დატბორა და მოსახლეობას დამატებითი პრობლემები შეუქმნა. ტერიტორიის ნაწილი კი ჩამოიშალა. მიწის მასის ნაწილი ჩამოშლის შედეგად კი კვირიკაძეების ოჯახის ერთ-ერთი წევრის საფლავიც დაიკარგა, რომელიც მოგვიანებით იპოვეს და ხელმეორედ დაკრძალეს.

სოფელ ჩელტაში საკარმიდამო ნაკვეთები დაიმეწყრა. რამდენიმე სახლს კი შესაძლოა საყრდენი გამოეცალოს. მიწის მასამ ელექტროგადამცემი ბოძებიც წააქცია, რის გამოც სოფელს დენის მიწოდება შეუწყდა. ახალსოფელში კი მიწამ ერთ-ერთი ოჯახის კუთვნილი ავტომანქანა მოიყოლა. თუმცა მოსახლეობამ დამეწყრილი ტერიტორიიდან გამოყვანა საკუთარი ძალებით მოახერხა. ახალსოფელში სტიქიამ ციტრუსის ბაღებიც გაანადგურა. ადგილობრივები მეწყერის ერთ-ერთ მიზეზად კარიერზე მიმდინარე სამუშაოებსაც ასახელებენ. 

დღის ამბები