არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მმართველი პარტიის ინიციატივას, მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილება იმისთვის, რომ 2024 წლამდე ყველა არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდეს, დადგმულ სპექტაკლს უწოდებენ.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ ამით ხელისუფლებას პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა სურს.
"ის, რა განცხადებებსაც ჩვენ ვისმენთ, მაჟორიტარების აჯანყება, შემდეგ მათი მოთხოვნები, სრულად მაჟორიტარულზე გადასვლა, ცხადია ეს არის სპექტაკლის ნაწილი, რომელსაც მმართველი უმრავლესობა დგამს. მათ სურთ, რომ შეიცვალოს დღის წესრიგი, რომელიც არსებობს პოლიტიკურ ველში და ემყარება პროპორციული არჩევნების მოთხოვნას. გასაგებია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ აუარესებს მდგომარეობას, ზრდის პოლიტიკურ ტემპერატურას და არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას,"- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ბენიძისთვის გაუგებარია, როგორ აპირებს ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებას, როცა ამის რესურსი გუნდს აღარ აქვს.
"მგონია, რომ ცოტა არაადეკვატური განცხადებაა, იმ ფონზე, რა დისკუსიაც მიმდინარეობს. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ საერთოდ არ არსებობს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელმაც შეიძლება ამას დაუჭიროს მხარი, არც ¾-ით, არც 2/3-ით. შესაბამისად გაუგებარია, რაზე ლაპარაკობენ. მგონი, ესაა ცინიკური მცდელობა, რომ საზოგადოებას კიდევ უფრო დასცინონ და ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანონ," - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
შეგახსენებთ, უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა იწყებს მუშაობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც 2020 წლიდან 2024 წლამდე ყველა არჩევნები მხოლოდ შერეული სისტემით უნდა ჩატარდეს.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, წინააღმდეგ შემთხვევაში "ამბოხებული მაჟორიტარები" 2020 წელს სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმს ჩაატარებენ.