18 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
მმართველი პარტიის მიერ ღონისძიებაზე დასასწრებად მოქალაქეთა აქტიური მობილიზება შეინიშნება - არასამთავრობო ორგანიზაციები

ცდილობს თუ არა "ქართული ოცნება" ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ხვალ დაანონსებული აქციისთვის მხარდამჭერების მობილიზებისთვის - არასამთავრობო ორგანიზაციები  რამდენიმე მაგალითს ასახელებენ, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის კოორდინატორების გარდა მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართული საჯარო მოხელეები. 

"აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მიერ მოქალაქეთა აქტიური მობილიზება შეინიშნება, რომელსაც ძირითადად კოორდინაციას უწევენ "ქართული ოცნების“ პარტიული ოფისები.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და საკრებულოს დეპუტატები. კონკრეტულად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ახალციხეში, გორში, ხაშურსა და კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს,  ა(ა)იპ და სსიპ-ების  თანამშრომლებს მოუწოდებენ გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე. ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს. ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20 კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით," - ნათქვამია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზუგდიდისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქციაზე წასვლის შესახებ გაფრთხილებული არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებიც, რომლებიც პირად საუბარში გამოხატავენ შიშს, რომ აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნებათ.

ხელმომწერი ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებენ, აღკვეთონ იძულების ნებისმიერი ფორმა. 

დღის ამბები