ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მოსამართლე ფატიმა ფარატაევამ ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა მისი გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა. პროცესს, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გრძელდებოდა, არსებული ინფორმაციით, ქართველი ექიმიც ესწრებოდა.
მთელი დღის განმავლობაში იყო მოლოდინი, რომ ქართველი ექიმი საოკუპაციო ხაზს გადმოკვეთდა. ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ოჯახი მთელი დღის განმავლობაში ელოდა.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, გააძლიეროს ძალისხმევა ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის.
ქართველი ექიმის პატიმრობიდან გათავისუფლებას ელოდნენ ხელისუფლების პირველი პირებიც, უკრაინაში ვიზიტისას გააკეთეს კომენტარები პრემიერმა და საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ჟენევის ფორმატის ფარგლებში განხილვისკენ მოუწოდა დღეს რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა ქართულ მხარეს, მიუხედევად იმისა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გუშინ დასრულდა და ქართველი ექიმი ისევ ტყვეობაშია.
ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატეს სოლიდარობა მისმა კოლეგებმა.
ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის განხილვას ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმი ერთ კვირაში მიუბრუნდება. სწორედ მომავალ კვირას გადაიდო დღევანდელი ე.წ. სასამართლო პროცესი.
ავტორი: ქეთი ზანთარაია.