მოძრაობა "სირცხვილიას" და "შეცვალეს" წევრებმა 15 წლის მოზარდის მხარდაჭერად, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა, ასეულობით წარწერა დატოვეს. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი უნდა დასრულდეს.
"ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიციური რეჟიმი. ზოგჯერ გვგონია, რომ წარსულს ჩავაბარეთ, მაგრამ ისევ გაცოცხლდება ხოლმე ძალიან ამაზრზენი, საშინელი ფაქტები, რომელმაც ეს მოზარდი მიიყვანა თვითმკვლელობის მცდელობამდე.
ბუნებრივია, მარტივად მოხდა ადამიანების ორგანიზება, ყველა თავისი სურვილით მოვიდა და ქალაქში, არა სახელმწიფო და ისტორიულ შენობებზე, არამედ, ღობეებზე გაჩნდა უამრავი წარწერა ზუსტად იმავე ტექსტით, რომელიც სკოლის კედლებზე იმ ბავშვმა დაწერა,"- განმარტავს "კურიერთან" სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.
წარწერების ამსახველ ფოტოებს ფეისბუქგვერდი "ქვეყნის სამსახურში - For Freedom" ავრცელებს.
ინციდენტი "მწვანე სკოლაში" რამდენიმე დღის წინ მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, 10 დეკემბერს, 112-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე, "მწვანე სკოლის" შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად, გამოიკითხა არასრულწლოვანი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც კედლების მოხატვის ფაქტი უარყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე 115-ე მუხლით დაიწყო.
მოზარდი იაშვილის კლინიკაში რჩება, მისი მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე რჩება.
ამავე თემაზე : "მწვანე სკოლის" ყოფილი მოსწავლე მართვით სუნთქვაზე რჩება - 15 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა