18 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზიური კადრები - შსს-მ არასრულწლოვნებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

კადრებში, რომელიც "რადისონის" მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული, ჩანს, როგორ ძალადობენ, სავარაუდოდ, სასტუმრო "რადისონის" დაცვის თანამშრომლები არასრულწლოვნებზე.

"კურიერის" სანდო წყარო ჰყვება, რომ ერთ-ერთმა ბავშვმა დაზიანება თავის არეში მიიღო და მეგობრებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. სასტუმროს მენეჯერი დღეს კამერასთან არ გამოჩენილა, ვიდეომასალის ნახვის შემდეგ კი, უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მისი თანამშრომლების ინციდენტში მონაწილება კატეგორიულად უარყო. 

"კურიერის" მიერ მოპოვებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ მომხდარის თვითმხილველები არიან მერიის უსაფრთხოების სასამსახურის თანამშრომლებიც. 

მომხდარით უკვე დაინტერესდა სახალო დამცველის აპარატი. ქვეყნის მთავარი უფლებადამცველის ოფისში ამბობენ, რომ აუცილებელია არასრულწლოვნების საქმის გამოძიება ეფექტურად წარიმართოს.

"ახალგაზრდა იურისტები" არასრულწლოვნების მიმართ სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მოზარდებს საგამოძიებო უწყებაში ფაქიზად უნდა მოეპყრონ და პროცესში ფსიქოლოგებიც ჩართონ. 

ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუმართავს სოციალური სამსახურისთვის. ეს ნიშნავს, რომ საგამოძიებო უწყებას დაშავებულ პირთა იდენტიფიცირება არ მოუხდენია, თუმცა შესაძლოა, "რადისონის" ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობის დროს დაშავებულები არ იყვნენ მიუსაფარი ბავშვები და ჰყავდეთ კანონიერი წარმომადგენელი, რაც სოციალური მუშაკის ჩართულობას არ ითვალისწინებს. სოციალური მუშაკის ჩართულობის დროს კი მიუსაფარ ბავშვებს უადვილდებათ სამართალდამცველებთან კომუნიკაცია, რადგან ისინი ყველა პროცედურას ერთად გადიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაიწყო. საქმეს თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიცია იძიებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მუხლი ჯარიმას, ან იძულებით შრომას ითვალისწინებს.

დღის ამბები