საკრებულოს შენობის შიგნით დაპირისპირების პარალელურად, ოპოზიციის წევრების ნაწილი, ასევე სამოქალაქო აქტივისტები შენობის გარეთ არიან შეკრებილები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. აქციის მონაწილეები დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.
აქციაზე იმყოფება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ პოლიცია დღეს იცავს ადამიანს, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილი მოღალატედ მოიხსენია.
“ხელისუფლება იცავს ადამიანს, რომელიც ვაჟა ექიმს და ქაქუცა ჩოლოყაშვილს მოღალატედ მოიხსენიებს. მას იცავს დღეს პოლიცია და ვინც აპროტესტებს ამ ადამიანის ყოფნას საკრებულოში, ფიზიკურად უსწორდებიან,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივანი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ვიდრე ერეკლე კუხიანიძე თანამდებობას იკავებს, ნიშნავს, რომ ხელისუფლება მის განცხადებებს ეთანხმება.
“სანამ ერეკლე კუხიანიძე არის თანამდებობაზე, "ქართული ოცნება" იზიარებს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის გინებას, ჩვენი ეროვნული მოძრაობის გინებას,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნების დიდი ნაწილი ერეკლე კუხიანიძის აზრს იზიარებს.
“კუხიანიძის განცხადება არ არის მხოლოდ მისი განცხადება, მე დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის და ქოცების დიდი უმრავლესობა ასევე ფიქრობს. მათ აწუხებთ ახლა ნებისმიერ რყევა ქვეყანაში, იმიტომ რომ ხელისუფლებას არიან ჩაბღაუჭებული,“ - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
შეგახსენებთ, საკრებულოში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებთან ერთად "ქართული ოცნების" დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. ისინი კუხიანიძისგან ბოდიშის მოხდას და თანამდებობის დატოვებას ითხოვდნენ. თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების გამო 4 პირი დააკავეს.