18 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს შენობასთან - აქციაზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები გამოჩნდნენ  

ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს შენობაში და მის გარეთ - აქციაზე, სადაც ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ერეკლე კუხიანიძის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მივიდნენ. მათ გამოჩენას სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

მმართველი პარტიის აქტივისტებმა თან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციიდან ამონარიდი მიიტანეს, სადაც აღნიშნულია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველომ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. მათი თქმით, დოკუმენტზე ხელი მაშინდელ ხელისუფლებაში მყოფ პირებს აქვთ მოწერილი.

"ქართული ოცნების“ აქტივისტები ამტკიცებენ, რომ ამ ფონზე ერეკლე კუხიანიძის ნამოქმედარის გაპროტესტება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, როდესაც მათ მსგავსი რამ აქვთ ჩადენილი, მორალურად მიუღებელია.

საკრებულოს წინ მივიდნენ მმართველი პარტიის დეპუტატებიც. თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ლევან ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ერეკლე კუხიანიძის განცხადებები "ქართული ოცნების" შეხედულებებთან თანხვედრაში არ არის. 

"მე ვფიქრობ, რომ ერეკლე კუხიანიძემ ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. გუშინ იყო არაფორმალური შეხვედრა, ჩვენ მას ვესაუბრეთ, აბსოლუტურად ყველა დამსწრემ მას უთხრა, რომ ეს განცხადებები იყო მიუღებელი, ეს განცხადებები აზიანებდა მთელ გუნდს, იმიტომ რომ ეს არ არის "ქართული ოცნების" შეხედულება და ვერც იქნება. თუ ეს იქნება ქართული ოცნების შეხედულება, დარწმუნებული ვარ, მე და ჩემი კოლეგების 90% დავტოვებთ პარტიას,“ - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.  

ამ დროისთვის, საკრებულოს შენობასთა ვითარება განმუხტულია. 

დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" დღეს სამსახურში არ გამოჩენილა. ერეკლე კუხიანიძის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმისა და მისი ოჯახის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება არ მოსწონთ უმრავლესობაშიც, თუმცა მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის პროტესტის ფორმა მიუღებელია.

დღის ამბები