15 წლის მოზარდის დაღუპვამ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობოები საკანონმდებლო ხარვეზებზე კიდევ ერთხელ აალაპარაკა.
თქვეს, რომ არსებული კანონმდებლობა ბავშვს ვერ იცავს და სისტემის პირისპირ ტოვებს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ არასრუწლოვნის მოწმის სახით დაკითხვას მისი კანონიერი წარმომადგენლის გარდა, ადვოკატიც უნდა ესწრებოდეს.
საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ლუკა სირაძე სისტემის მსხვერპლია.
მათი განცხადებით, პრობლემას მხოლოდ საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორება ვერ მოაგვარებს.
უფლებადამცველების პოზიციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა. მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მართლმსაჯულების კოდექსი არსებულ გამოწვევებს პასუხობს, თუმცა კანონის დასახვეწად უწყებაში მუშაობას განაგრძობენ.
ბავშვზე ორიენტირებულ სისტემაზე საუბრობს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი. ჰასან ჰალილის თქმით, უნდა გაძლიერდეს სოციალური მუშაკის როლი და ხელმისაწვდომი გახდეს ფსიქოლოგიური დახმარება. ოჯახი, სკოლა და სახელმწიფო კი კოორდინირებულად უნდა მუშაობდნენ.
ბავშვთა უფლებათა კოდექსი, რომელიც პარლამენტმა 20 სექტემბერს დაამტკიცა, 2020 წლის ივნისში შევა ძალაში.