სასამართლომ მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. დაკავებულის საქმეზე სასამართლო პროცესი 18:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ის საქალაქო სასამართლოში არ მისულა, რადგან ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
დაკავებულის ადვოკატი სასამართლო პროცესზე შუამდგომლობის დაყენებას აპირებს, რათა პროცესი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე კლინიკაში გაიმართოს, სადაც მარიანა ჩოლოიანია მოთავსებული.
"ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მედიკოსების განმარტებით, გარკვეულწილად, შესაძლებელია მისი გადაადგილება, თუმცა იგი მაინც საჭიროებს ყურადღებას. შესაბამისად, ეს არის ორაზროვანი პასუხი. შესაბამისად, ჩვენი თხოვნა სასამართლოს წინაშე არის, რომ მოხდეს აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა სამედიცინო დაწესებულებაში, რამეთუ შესძლოს თავად ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვის დროს მონაწილეობის მიღება, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ამას ვერ გეტყვით. სწორი, ობიექტური და სამართლიანი იქნება ის გადაწყვეტილება, რომ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა მოხდეს ბრალდებულის თანდასწრები,"- განაცხადა უფლებადამცველმა გაგი მოსიაშვილმა.
15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებლისთვის პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
"საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. აღნიშნული შუამდგომლობა დასაბუთებულია იმ საფრთხეებით, რომელიც გამომდინარეობს საქმიდან. ეს არის მტკიცებულებების მოპოვების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე," - აცხადებს პროკურორი, ლევან ქუთათელაძე.