"არავითარი პოლიტიკური პატიმარი საქართველოში არ არსებობს და ნებისმიერი ამგვარი განცხადება არ არის რეალობასთან შესაბამისი,"- ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამერიკელი სენატორის, ჯიმ რიშისა და კონგრესმენის, ადამ კიზინგერის განცხადებებს.
წულუკიანის თქმით, სტრატეგიული პარტნიორების განცხადებები საქართველოს რეალობასთან შეუსაბამობაშია.
"არავითარი პოლიტიკური პატიმარი საქართველოში არ არსებობს და ნებისმიერი ამგვარი განცხადება არ არის რეალობასთან შესაბამისი. ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების განცხადებებს, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვუსმენთ, მაგრამ ვპასუხობთ იმას, რასაც ვპასუხობთ, რომ რეალობა საქართველოში არის ხანდახან ცოტა უფრო სხვანაირი, ვიდრე ეს მათ განცხადებებში ჩანს,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ამერიკელი პოლიტიკოსების განცხადებები აღქმულია, როგორც მეგობარი პოლიტიკოსების პირადი მოსაზრებები.
"ყველა განცხადება, შეფასებები, რომელსაც ჩვენი კოლეგები, კონგრესის წევრები, ანუ პოლიტიკოსები აკეთებენ, არის განხილული, როგორც ჩვენი მეგობარი პოლიტიკოსების მოსაზრება და რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ ამ განცხადებებს,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიმართ კრიტიკული განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა და კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა გააკეთეს.