18 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
ე.წ. სასამართლოს სამართალი - ქართველი ექიმი კვლავ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება

წელიწადი და ცხრა თვე ქართველმა ექიმმა ოკუპანტების ტყვეობაში უნდა გაატაროს. ასეთია საოკუპაციო რეჟიმის სამართალი. ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის გაასამართლეს. ქართველი ექიმი თითქმის ორი თვეა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში დახურულ რეჟიმში 4 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. ვაჟა გაფრინდაშვილმა დუმილის უფლება გამოიყენა, მისმა ადვოკატმა კი ბრალდების შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა.

ე.წ. სასამართლომ არც დაცვის მხარის, არც საქართველოს ხელისუფლების და არც საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნები არ გაითვალისწინა. მან მხოლოდ ე.წ. ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ქართველი ექიმი პატიმრობაში დატოვა. გაფრინდაშვილის ინტერესების დამცველმა პროცესის შემდეგ განმარტებები "კურიერისთვის" აღარ გააკეთა.

რუსეთის სასტიკი სახე - ასე აფასებს ოპოზიცია საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, ხელისუფლების ოპონენტები მთავრობასაც აკრიტიკებენ.  უმრავლესობა კი კრემლის მიერ განხორციელებულს სადიზმს უწოდებს.

საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციები და ომბუდსმენიც გამოეხმაურნენ. სახალხო დამცველი დახმარებისთვის საერთაშორისო საზოგადებას მიმართავს.

განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სადაც გადაწყვეტილებას არასწორი პოლიტიკის ნაწილი ეწოდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი 42 დღიანი ტყვეობის შემდეგ კვლავ ცხინვალის იზოლატორში რჩება და დღეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით - წელიწადი და 9 თვე იქ უნდა გაატაროს. 

დღის ამბები