არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" ხელმძღვანელის თორნიკე ბარათშვილი გეგუთის სასახლის რეაბილიტაციის გამო, მერვე საუკუნის ნაგებობაში რკინის კონსტრუქციების დამაგრებას ეხმაურება.
თორნიკე ბარათაშვილი გეგუთის სასახლის არასწორ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოთქმულ პროტესტს უერთდება და "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ მსგავსი ფორმით ჩატარებული რეაბილიტაციით, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ქვევრი, როგორც ქართული კულტურის საგანძური, უარყვეს.
გარდა ამისა, ბარათაშვილისთვის აღნიშნულთან დაკავშირებით არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განმარტებებია მისაღები.
"იმ ფონზე, როდესაც ქართული ქვევრის წარმოჩენა ხდება, როგორც ძველი ისტორიული საგანძურისა და მსოფლიო ისტორიულ ძეგლს ექცეოდე ასე უდიერად და უშაულოდ ქვევრში დგამდე რაღაც საყრდენ ბოძს, ეს არის ყველა პრინციპის უარყოფა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან არის დაკავშირებული. თავის მართლება, თითქოს სხვა ადგილი ამას არ მოეძებნებოდა, არასწორი გადაწყვეტილებაა და ლაპარაკი იმაზე, რომ ყველაფერი კარგადაა ჩატარებული, უბრალოდ უტიფრობაა. რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ჩვენ პრაქტიკაში გვაქვს შემთხვევები, როდესაც ეს სააგენტო თავის უფლებამოსილებებს არ ახორციელებს," - განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.
გეგუთის სასახლის რეაბილიტაციისთვის შესრულებულმა სამუშაოებმა უნიკალური კომპლექსის ნაგებობა დაამახინჯა. მე-8 საუკუნიდან შემორჩენილი ისტორიული ძეგლის ერთ-ერთ მთავარ დამახასიათებელ, საუკუნოვან ქვევრებში არქიტექტურისთვის შეუსაბამო ბოძები გაჩნდა. სამუშაოები იმ სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ორი წლის მანძილზე ნანგრევების სახით შემორჩენილი ძეგლის გადასარჩენად მიმდინარეობს.
აღნიშნულმა მედიის წარმომადგენლებისა და გიდების პროტესტი გამოიწვია.მათი განმარტებით,გვიანი მარანის ტერიტორიის მინის კონსტრუქციით გადახურვა ქვევრების დაზიანებას გამოიწვევს.