გეგუთის სასახლის აღდგენისთვის შესრულებული სამუშაოების გამო საზოგადოების გარკვეული ნაწილის მწვავე პროტესტის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ საქმე პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე ოპტიმალური იყო და ის არამხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ ექსპერტებთანაც შეათანხმეს.
"აბსოლუტურად გასაოცარია ის რეაქცია,რაც ჩვენ მივიღეთ. ეს კონსტრუქცია უკვე 4 წელია იქ იმყოფება. გამოდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვცდილობთ გეგუთის კომპლექსი მაქსიმალურად მრავალფეროვანი და მიმზიდველი გავხადოთ ვიზიტორებისთვის, გადავწყვიტეთ ამ არქეოლოგიური ობიექტის ექსპონირება ღია საკონსერვაციო ფორმით. შესაბამისად მომზადდა სათანადო პროექტი. არაერთი სტუმარი საერთშორისო ექსპერტების სახით გეგუთში დასათვალიერებლად გვყოლია ჩაყვანილი, მაგრამ მსგავსი ტიპის შენიშვნაც კი ჩვენ მათგან არ მიგვიღია," - აღნიშნა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელმა ბექა ბარამიძემ.
გეგუთის სასახლის რეაბილიტაციისთვის შესრულებულმა სამუშაოებმა უნიკალური კომპლექსის ნაგებობა დაამახინჯა. მე-8 საუკუნიდან შემორჩენილი ისტორიული ძეგლის ერთ-ერთ მთავარ დამახასიათებელ, საუკუნოვან ქვევრებში არქიტექტურისთვის შეუსაბამო ბოძები გაჩნდა. სამუშაოები იმ სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ორი წლის მანძილზე ნანგრევების სახით შემორჩენილი ძეგლის გადასარჩენად მიმდინარეობს.
აღნიშნულმა მედიის წარმომადგენლებისა და გიდების პროტესტი გამოიწვია. მათი განმარტებით, გვიანი მარანის ტერიტორიის მინის კონსტრუქციით გადახურვა ქვევრების დაზიანებას გამოიწვევს.