18 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
"ვითხოვთ ცხელ ხაზს და სარეაბილიტაციო პროგრამებს ლუდომანებისთვის" - აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის, ლუდომანებისთვის, სარეაბილიტაციო პროგრამის შექმნა და სპეციალური ცხელი ხაზის ამოქმედება - ეს იყო მთავარი მოთხოვნები დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ამ მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა სავალალოა და  მთავრობის მხრიდან დიდ ყურადღებას საჭიროებს.

ანა დოლიძემ და კამპანია "აზარტული თამაშების წინააღმდეგ" მონაწილეებმა ფსიქოლოგიური სერვისების არარსებობა გააპროტესტეს და უწყებისგან პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობის გააქტიურება მოითხოვეს.

"ამ სამინისტროს ბიუჯეტი აქვს ოთხი მილიარდი ლარი, აქედან გარკვეული თანხა რომ დაუთმონ და პროფესიონალი ფსიქოლოგები 24-საათის მანძილზე ამორიგეონ ტელეფონზე, ცხელ ხაზზე კარგი იქნებოდა. სტრესში ჩავარდნილმა მოზარდებმა, მშობლებმა უნდა იცოდნენ ერთი კონკრეტული ნომერი, რომ დარეკონ მაშინ, როდესაც უჭირთ,"- განაცხადა ანა დოლიძემ.

ახალგაზრდული მოძრაობის "ჩვენი ხმა" წევრი ნინო წულაძე აცხადებს, რომ მთავარი მოთხოვნა მთავრობასთან, პეტიციის უმოკლეს დროში განხილვაა.

"ჩვენ ვითხოვთ ცხელ ხაზს და სარეაბილიტაციო პროგრამებს ლუდომანებისთვის, რადგან სტატისტიკური მონაცემები სავალალოა, მთავრობამ ჩვენი პეტიცია უმოკლეს დროში უნდა განიხილონ. ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა," - განაცხადა ნინო წულაძემ.

დღის ამბები