18 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
facebook-ის სკანდალთან დაკავშირებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ გამოძიების დაწყებას ითხოვს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, ანგარიშებისა და ასობით ყალბი სოციალური გვერდების გაუქმებასთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყებას ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გვერდების უკან მდგომი პირების ქმედებებში, შესაძლოა, დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს. ასევე, ნათქვამია, რომ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა იმ შემთხვევაში უნდა დაიწყოს, თუ დადგინდება, რომ ქმედება დანაშაულის ნიშნების შემცველია.

"20 დეკემბერს Facebook-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიამ სოციალურ ქსელში არსებული ასობით ყალბი და კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში შემჩნეული გვერდი, ჯგუფი და მომხმარებელი წაშალა, რომლებიც არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველის, ოპოზიციისა თუ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტის მადისკრედიტირებელ მასალას აქვეყნებდნენ. ამ ჯგუფების უკან მდგომი პირების ქმედებებში, შესაძლოა, რამდენიმე დანაშაულის ნიშანი იკვეთებოდეს, შესაბამისად, გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოძიების პროცესში მკაცრად უნდა იყოს დაცული ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და კონკრეტულ დანაშაულს შორის. პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა იმ შემთხვევაში უნდა დაიწყოს, თუ ნათლად დადგინდება, რომ ქმედება დანაშაულის ნიშნების შემცველია და არ ექცევა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში.

Facebook-ის გამოძიების შედეგად ჯამში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გაუქმდა. ამავე გამოძიებით დადგინდა, რომ წაშლილი გვერდები პარტია „ქართულ ოცნებასთან” და სარეკლამო კომპანია "პანდასთან" იყვნენ დაკავშირებულები. ამ გვერდებმა დაახლოებით 316 000 აშშ დოლარი Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში, ანუ პოსტების დასპონსორებაში დახარჯეს. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ყალბი ჯგუფების ქმედებები უმეტესად მიმართული იყო საზოგადოებრივად აქტიურ პირებზე ზემოქმედებისა და მათი საქმიანობისათვის ხელშეშლისაკენ.

გავლენებისგან თავისუფალი საგამოძიებო ორგანოების პირობებში, გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაწყებულიყო. ობიექტური გამოძიების შემთხვევაში შესაძლოა გამოიკვეთოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშანი,“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

დღის ამბები